ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ – ღარიბაშვილი

16 ივლისი, 2020 • 1329
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ – ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, რომ ეს წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო, რომელიც წარმოშობდა უამრავ სირთულეს ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ პრაქტიკულად უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდათ ცხორვება. ეს ვითარება გარკვეულ პრობლემას უქმნიდა როგორც სამინისტროს, ასევე, ამ ფართებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელოდნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას”, – განმარტა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება აღნიშნულ ბინებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს საშუალებას, ისარგებლონ ამხანაგობის პროგრამით და იზრუნონ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურაზე, შეაკეთონ სახურავები, სადარბაზოები, წყალგაყვანილობის სისტემა და სხვა.

ღარიბაშვილის განმარტებით, იმ ადამიანებს, რომლებიც დაუკანონებელი ბინების მესაკუთრეებთან ერთად ერთ შენობაში ცხოვრობდნენ და მათ გამო ვერ ახერხებდნენ ამხანაგობების ჩამოყალიბებას, მიეცემათ საშუალება, გააუმჯობესონ საცხოვრებელი ფართები.

ღარიბაშვილის თქმით, ამ პროცესში ჩართული იყო ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი