ახალი ამბები

ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ნარკოტიკები – შსს

16 ივლისი, 2020 • 2253
ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ნარკოტიკები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 2 პირი – ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1994 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს და 1996 წელს დაბადებულ გ.დ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“. აღნიშნული ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული 180 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს.

პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4200 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,ექსტაზი” და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები: „მდმა“, „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“ ამოიღო. უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7200 აშშ დოლარი, 3520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი