ახალი ამბები

კანდელაკის ცნობით, მთავრობა ვიზეარს ფრენების უფლებას არ აძლევს

15 ივლისი, 2020 • 1148
კანდელაკის ცნობით, მთავრობა ვიზეარს ფრენების უფლებას არ აძლევს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მთავრობა Wizzair-ს რეგულარული ფრენების უფლებას არ აძლევს. კანდელაკის თქმითვე, მისი ინფორმაციით, ბიუჯეტურ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობის წარმომადგენელებმა არაოფიციალურად უთხრეს, რომ ოქტომბრამდე გერმანიისა და საფრანგეთის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები არ დაინიშნება. კანდელაკის შეფასებით, ქვეყნის ჩაკეტვით მთავრობა ბევრ ადამიანს შიმშილისთვის იმეტებს.

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანია ვიზეარს – რომლის ამუშავებას იმედის თვალით შეჰყურებს ათასობით ჩვენი ბიზნესი და ტურიზმზე დამოკიდებული ადამიანი, განსაკუთრებით ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში – არაოფიციალურად განუცხადა, რომ ის არჩევნებამდე ვერ იფრენს გერმანიასა და საფრანგეთში, ბალტიის ქვეყნებზე კი პასუხს ჯერაც არ აძლევენ. მთავრობის სურვილია, რომ ჩვენი ტურიზმისსა და ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, როგორიც ვიზეარია, არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს”,-ამბობს კანდელაკი.

ნეტგაზეთი ეკონომიკის სამინისტროსგან საპასუხო კომენტარის მიღებას ცდილობს. სწორედ ეკონომიკის სამინისტრო და მისი სსიპ-ები არიან პასუხისმგებელი ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირებაზე. ჩვენ ასევე კითხვით მივმართეთ Wizzair-საც. საპასუხო კომენტარების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი