ნეტგაზეთი | შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა – NGO-ები შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა – NGO-ები – Netgazeti
RU | GE  

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები ამბობენ, რომ პარლამენტის მიერ 14 ივლისს მიღებული კანონი „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ დეკლარაციული ხასიათისაა და ხელისუფლების მხრიდან შშმ პირთა რეალური გაძლიერების კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში ამბობენ, რომ კანონი შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყო. და, მართალია, მასში შემოთავაზებულია ცალკეული პოზიტიური ცვლილებები, მათ შორის, შშმ პირთა ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის გარანტირება, სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი, მართლმსაჯულების სისტემასთან შშმ პირთა წვდომის მხარდაჭერა – „მან ვერ გამოიყენა თავისი პოტენციალი, რადიკალურად გარდაექმნა შშმ პირებთან მიმართებით არსებული სამართლებრივი ჩარჩო და პოლიტიკა,“.

„კანონისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებისა და განხილვის პროცესი როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე პარლამენტში, მნიშვნელოვანი გამოწვევებით წარიმართა. კანონპროექტის შემუშავების პროცესში, წლების განმავლობაში, იუსტიციის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო შშმ პირებისა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.

ცხადია, რომ უწყების მიერ მათთვის წერილობითი და ზეპირი შენიშვნების წარდგენისათვის ერთჯერადი საშუალების მიცემა და ყოველგვარი უკუკავშირის გარეშე მათი უმეტესი ნაწილის გაუთვალისწინებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აწესებს სახელმწიფოს მიერ შშმ პირებისა და მათი ორგანიზაციების ეფექტიანი და რეალური ჩართულობის ვალდებულებას მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ,- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ წერილში.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ კანონის შემუშავების დროს, შშმ პირებისა და ორგანიზაციების ჩართულობა შეზღუდული იყო. ამასთანავე, არსებობდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ხარვეზებიც.

„კანონი, თავისი შინაარსით, დეკლარაციული და აბსტრაქტულია, არ ადგენს კონკრეტულ უფლებრივ სტანდარტებს და, შესაბამისად, არსებითად ვერ აუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას. მიუხედავად შშმ თემისა და ორგანიზაციების არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციისა, მათი უდიდესი ნაწილი არასრულად აისახა დოკუმენტში, რაც კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში შშმ პირთა მთელი რიგი უფლებების დაცვის ეფექტიან საფუძველს ვერ შექმნის.

დეკლარაციულ ხასიათთან ერთად, მიუხედავად შშმ პირებისა და ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციისა, კანონმა არ გაითვალისწინა და არ დაადგინა უფლებრივი სტანდარტები გაეროს კონვენციით რეგულირებულ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორისაა, სამართლებრივი ქმედუნარიანობა, სახელმწიფოს ვალდებულებები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, გადაადგილების, აზრისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

ამასთან, კანონი უგულებელყოფს ან/და მტკიცებით ფორმაში არ მოიცავს პოზიტიურ ზომებს, რაც სახელმწიფომ უნდა მიიღოს შშმ პირების მთელი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების – შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის უფლებების – უზრუნველყოფისას,“

ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები:

მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის (MAEE)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO)
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
მშობელთა საინფორმაციო ცენტრი (PIC)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელი
კავშირი ქალი და რეალობა
ფონდი აურეს
ვოლფრამის სინდრომი – საქართველო
პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის – პსკ
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის (PER)
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
ლეილა ხაჭაპურიძე
ნათია გოგოლაშვილი
გელა ბერაძე
დავით ბიბილეიშვილი
ოლღა კალინა
მარიკო კობახიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან