ნეტგაზეთი | არმიის მხარდამჭერი აქცია ბაქოში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა არმიის მხარდამჭერი აქცია ბაქოში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა – Netgazeti
RU | GE  

არმიის მხარდამჭერი აქცია ბაქოში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

აზერბაიჯანის არმიის მხარდამჭერი აქცია, რომელიც 14 ივლისის საღამოს ბაქოში გაიმართა და ახალგაზრდების პარლამენტის შენობაში შეჭრით გაგრძელდა, პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებულ მსვლელობაზე რამდენიმე ათასი ახალგაზრდა აზერბაიჯანის დროშებით ხელში ყვიროდა: “მთავარსარდალო, მობილიზაცია გამოაცხადე”, “წინ, ჯარისკაცებო!”, “ყარაბაღი ჩვენია” და ა.შ. მედიის ცნობით, არასანქცირებულ მსვლელობაზე, მომიტინგეებს უკან პოლიციის ეკიპაჟები მიჰყვებოდნენ, რომელთაც მსვლელობისთვის ხელი არ შეუშლიათ.

უკვე 15 ივლისს, დაახლოებით 04.00 საათზე, აქტივისტები პარლამენტში შეიჭრნენ და აქცია ფოიეში გააგრძელეს. მალევე შენობაში პოლიცია შევიდა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გამოიყვანა და მათი ნაწილი დააკავა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, პოლიციამ ხელკეტების გამოყენებით გამოიყვანა მილი მეჯლისიდან აქციის მონაწილეები.

სააგენტო turan.az.-ის ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენა.


აზერბაიჯანის თანახმად, ვითარების დაძაბვიდან ამ დრომდე 11 ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაკარგეს, სომხეთი კი აცხადებს, რომ 4 ჯარისკაცი დაეღუპათ.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. ამჯერად შედარებით ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, რაც იშვიათობაა.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი