ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი ბაქოს საკუთარი მოსახლეობის “დამცავ ფარად” გამოყენებაში ადანაშაულებს

14 ივლისი, 2020 • 919
ერევანი ბაქოს საკუთარი მოსახლეობის “დამცავ ფარად” გამოყენებაში ადანაშაულებს

“თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტომასალაზე ჩანს აზერბაიჯანული სოფელი დონდარ გუშჩუ [თოვუზის რაიონი], რომლის გარშემო აზერბაიჯანის საარტილერიო პოზიციებია განთავსებული.

აზერბაიჯანული მხარე, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა საარტილერიო ბატარეებით შემოსაზღვრა და ამით სამიზნედ აქცია, აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები აღნიშნული მიმართულებით ცეცხლს უხსნიან”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი შუშან სტეპანიანი ფეისბუკზე და ფოტომასალას ურთავს თან.

12 ივლისს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, მხარეთა ცნობით, ამჟამადაც გრძელდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ ერთმანეთის მისამართით ცეცხლის გახსნასა და „პროვოკაციებში“.

რაც შეეხება 12 ივლისის შემდეგ დღემდე საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილებს, სომხეთი ორ, აზერბაიჯანი კი -11 დაღუპულზე [მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები] ავრცელებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი