ახალი ამბები

ოჯახის წევრების მდგომარეობაზე ვიფიქროთ – ლომჯარიას რჩევა მედიას შაქარაშვილის საქმის გაშუქებაზე

14 ივლისი, 2020 • 989
ოჯახის წევრების მდგომარეობაზე ვიფიქროთ – ლომჯარიას რჩევა მედიას შაქარაშვილის საქმის გაშუქებაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის ოჯახისთვის მძიმეა, როდესაც მედიით ვრცელდება გარკვეული ვიდეოკადრები თუ ფოტოები, ამიტომ ლომჯარია მედიას თხოვნით მიმართავს, პატივი სცენ ოჯახის პირად სივრცეს.

ამასთან, ლომჯარია მედიას მოუწოდებს, ბრალდებულების თუ დაზარალებულების შემთხვევაში დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და ეს ადამიანები უკვე დამნაშავეებად არ წარმოაჩინონ.

“ოჯახთან საუბრისას ერთ-ერთი საკითხი, რაც წამოწიეს, იყო გარკვეული ქმედებები მედიის მხრიდან, რაც მათთვის დიდი დისკონმფორტის შემცველი იყო. ბუნებრივია, ყველას კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველი ის ორგანო არ არის, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის, რა ფორმით და როგორ მოიპოვონ ინფორმაცია. გარკვეული თხოვნა ყველა მედიასაშვალების თუ მოქალაქის მიმართ მაქვს, ვინც აღნიშნული საქმის გარშემო ავრცელებს ინფორმაციას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ოჯახის პირად სივრცეს პატივი ვცეთ და არასასურველი კამერებისგან დავიცვათ.

ასევე ძალიან მძიმეა ოჯახისთვის, როდესაც ვრცელდება კადრები, გარკვეული ფოტოსურათები ან ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან, რაც ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ტრავმირებას იწვევს. ამიტომ, ალბათ, გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ინფორმაცია და გავაშუქოთ აღნიშნული ფაქტები, რომ ოჯახის წევრების მდგომარეობაზე ვიფიქროთ”,-აცხადებს ლომჯარია.

დღეს სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას თხოვნით მიმართა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გადასცენ. ომბუდსმენის აპარატში მიაჩნიათ, რომ ამ გზით შეძლებენ დაადგინონ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება და შეაფასონ სხვადასხვა პირების უფლებრივი მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი