ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდებულმა ქალის დაწვა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სცადა

14 ივლისი, 2020 • 1244
პროკურატურა: ბრალდებულმა ქალის დაწვა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სცადა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალი დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს ბრალდებულმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაწვა სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას:

“სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალსა და მაისში შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა” ,- აცხადებენ უწყებაში.

2020 წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). პროკურატურაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდებული წარდგენილ ბრალს  არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი