ახალი ამბები

საქართველო და ფიჯი 6 ერის გუნდებთან ერთად მიიღებენ ტურნირში მონაწილეობას – The Irish Times

14 ივლისი, 2020 • 1752
საქართველო და ფიჯი 6 ერის გუნდებთან ერთად მიიღებენ ტურნირში მონაწილეობას – The Irish Times

რაგბის 6 ერის ტურნირში, რომელიც წელს უნდა ჩატარდეს, შეიძლება ერთჯერადად ფორმატი შეიცვალოს და 6-ის ნაცვლად მასში 8 ქვეყნის ნაკრებმა მიიღოს მონაწილეობა. ორი ახალი ქვეყანა, როგორც The Irish Times წერს, ფიჯი და საქართველო უნდა იყვნენ.

გამოცემის ცნობით, მსოფლიო რაგბის კავშირმა ტურნირის ფორმატის დასაზუსტებელი შეხვედრა ივნისის ბოლოსთვის გადადო იმ მიზნით, რომ დრო მოიგოს დანარჩენი წლის ტურნირებისა კალენდრის დაგეგმვის პროცესში.

ექვსი ერის ტურნირი, რომელიც პირველ თებერვალს დაიწყო, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

თუმცა მსოფლიო რაგბის კავშირი, გამოცემის ცნობით, აპირებს ერთჯერადად ჩაატაროს განსხვავებული ფორმატის ტურნირი, რომელშიც, ექვსი ერის მონაწილე ნაკრებების (ინგლისი, უელსი, შოტლანდია, იტალია, საფრანგეთი, ირლანდია) გარდა, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამასთან ერთად, გამოცემა წერს, რომ ფიჯისა და საქართველოს ნაკრების უმრავლესობა ფრანგული და ბრიტანული კლუბების წევრია, რის გამოც ადგილზე ჩასვლისას მოგზაურობასთან დაკავშირების რისკების მინიმიზაცია მოხდება.

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა. კავშირში გვითხრეს, რომ ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არაა, თუმცა ინფორმაციის მიღებისთვის მსოფლიო რაგბის კავშირს მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი