ახალი ამბები

ახალშობილი კორონავირუსით მუცლად ყოფნისას დაინფიცირდა – კვლევა

14 ივლისი, 2020 • 954
ახალშობილი კორონავირუსით მუცლად ყოფნისას დაინფიცირდა – კვლევა

ფრანგი ექიმების განცხადებით, აღმოაჩინეს შემთხვევა, როცა ბავშვს ახალი კორონავირუსი მუცლად ყოფნისას, დედისგან გადაედო. ინფორმაციას ამის შესახებ “გარდიანი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალშობილს დაბადებიდან რამდენიმე დღეში ტვინში ანთებითი პროცესი განუვითარდა. მეცნიერებს სჯერათ, რომ ვირუსი ჩვილს მუცლად ყოფნისას, დედისგან გადაედო.

კვლევა აღნიშნულ თემაზე სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა. მეცნეირები სწავლობდნენ შემთხვევებს, როცა ახალშობილებს Covid-19 ჰქონდათ და არსებობდა ეჭვი, რომ ვირუსი ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნისას გადაედოთ, თუმცა არ გამორიცხავდნენ იმის შესაძლებლობას, რომ დაავადება მშობიარობის დროს ან მის შემდეგ მოკლე ხანში გადასდებოდათ:

“სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეჭვი არ გვეპარება და კლინიკები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ასეთი შემთხვევებიც შეიძლება მოხდეს”, – უთხრა გარდიანს დენიელ დე ლუკამ, რომელიც პარიზის Béclère-ის ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორია.

23 წლის ქალმა კლინიკას ხველებითა და ტემპერატურით 24 მარტს მიმართა. ორსული პაციენტი გვიან მესამე ტრიმესტრში იყო და მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაციენტის მიღებიდან სამ დღეში ექიმებმა ბავშვის გამოკვლევისას ვირუსის სიმპტომები შენიშნეს, რის შემდეგაც ქალს გადაუდებელი საკეისრო ოპერაცია ჩაუტარეს, ახალშობილი კი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს იზოლირებულ სივრცეში:

როგორც გამოცემა წერს, ახალშობილის სისხლის და ფილტვიდან მიღებული სითხის ანალიზებით დადგინდა Covid-19 და გამოირიცხა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექცია. ჩაღრმავებულმა კვლევებმა კი ცხადყო, რომ ვირუსი დედის სისხლიდან პლაცენტაში გადავიდა, სადც ანთებითი პროცესი განვითარდა და ბავშვსაც გადაედო.

ამასთან, ექიმების თქმით, ვირუსის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აღმოჩნდა პლაცენტაში. რაც შეეხება ახალშობილს, მედიკოსების თქმით, ბიჭი თავდაპირველად სრულიად ჯანმრთელი ჩანდა, თუმცა მესამე დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა და კუნთების სპაზმი განუვითარდა. ექიმები აღნიშნავენ, რომ სიმპტომები ძალიან ჰგავდა მენინგიტის შემთხვევას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბავშვის დაბადების მომენტში არ არსებობდა რეკომენდაციები კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა ემკურნალათ Covid-19-ით ინფიცირებული ახალშობილებისთვის და ექიმები რემდესივირის გამოყენებას გეგმავდნენ. თუმცა, გამომდიანრე იქიდან, რომ ბავშვის მდგომარეობა თანდათან ჩარევის გარეშე გაუმჯობესდა, მედიკოსებს სპეციფიკური მკურნალობა არ დაუწყიათ.

კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ამჟამად ბავშვი კლინიკურად ჯანმრთელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი