ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

DRI: გალის მცხოვრებლები დევნილთა შემწეობას ვეღარ იღებენ

14 ივლისი, 2020 • 2083
DRI: გალის მცხოვრებლები დევნილთა შემწეობას ვეღარ იღებენ

გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა დევნილთა შემწეობას, პანდემიის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს, – ინფორმაციას უფლებამდაცველი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტუტი [DRI] ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ დევნილთა შემწეობის დარიცხვა ხდება ლიბერთი ბანკის სოციალურ ბარათზე, რომელიც 6 წლის ვადით გაიცემა, თუმცა პინ კოდის ვადად განსაზღვრულია 1 წელი. COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებზე პინ კოდის მოქმედების ვადა 2020 წლის პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. პირველი ივლისის შემდეგ, პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის განახლების მიზნით, მოქალაქეებს ბანკში გამოცხადება მოუწევთ.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოსავალს წარმოადგენდა პლასტიკური ბარათის იმ პირებისთვის გადაცემა, რომლებიც ახერხებდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და მათ სახელზე გაცემული შემწეობის მიღებას ბანკომატის მეშვეობით.

პანდემიის პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილების კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო, გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დახმარების მიღება ვერც ამ გზით მოახერხა.

შესაბამისად, ბოლო პერიოდში ბარათების დიდი პერიოდით გამოუყენებლობამ გამოიწვია პლასტიკური ბარათების დაბლოკვა, რის გამოც გალში მყოფ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მდინარე ენგურის გადმოცურვაც კი უწევს.

“ამ გარემოებებს თან ერთვის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც. ერთი მხრივ, გალში მცხოვრებლები ვერ ახერხებენ საარსებო მინიმუმის მიღებას, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც არსებული რესურსით ყიდულობენ საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს და სხვა იმ პირველადი საჭიროების ნივთებს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის არის საჭირო. ეს ყველაფერი განპირობებულია ე.წ. საზღვრის ჩაკეტვით, რადგან გალის რაიონში პროდუქტის მომარაგება სწორედ ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხდებოდა. პანდემიის პირობებში გალი აღმოჩნდა ჰუმანიტარულ კრიზისში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებას ამ დრომდე შეეძლო ეშუამდგომლა ბანკთან, გახანგრძლივებულიყო დევნილთა შემწეობის მიღებისთვის აუცილებელი პლასტიკური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა.

“პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გალის მცხოვრებლების დასახმარებლად გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება და მათი ჩართულობით მოხერხდეს პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების მიწოდება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი