ახალი ამბები

ხუნდაძე აღიარებს, რომ კანონი დაარღვია, თუმცა დაიცვა “მორალური კანონი”

14 ივლისი, 2020 • 977
ხუნდაძე აღიარებს, რომ კანონი დაარღვია, თუმცა დაიცვა “მორალური კანონი”

დიმიტრი ხუნდაძე, აღიარებს, რომ პარლამენტარებს არ წარუდგინა ანგარიში საავადმყოფოების მზაობის შესახებ, რითაც კანონი დაარღვია.

ხუნდაძეს დღეს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უსმენენ. დღესვე დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ პირველ იანვრამდე შეზღუდვების გაგრძელებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე .

სწორედ ამ სხდომის დროს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხუნდაძეს ჰკითხა:

„როდესაც კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის ფარგლებში გახარიამ დაგავალათ ჰოსპიტალური მზაობის შემოწმება, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მოგწერეთ წერილი, რომ გაგემხილათ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ამ ანგარიშის შესახებ – თუ როგორია ეს მზაობა ქვეყანაში.

ჩვენ მოგთხოვეთ როგორც შეფასების კრიტერიუმები, ასევე ისიც, თუ რა მდგომარეობა დაგხვდათ ჰოსპიტალურ სექტორში“, – თქვა ჭიაბერაშვილმა და დაამატა, რომ ამ წერილს ხუნდაძემ არ უპასუხა, რაც კანონდარღვევაა.

ამ კითხვაზე პასუხისას, ხუნდაძემ აღიარა, რომ კანონი მართლაც დაარღვია, თუმცა, მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, სწორი იყო.

„რა იყო საქმე – ის, რომ აქ დავარღვიე, ვაღიარებ და რა დავარღვიე, მინდა გითხრათ: როცა მე ჩემს ექიმ კოლეგებთან ერთად დავდიოდი რეგიონებში, კლინიკებში და იყო დღე, როდესაც დილით აღმოსავლეთში ვიყავით, საღამოს კი- დასავლეთში… იყო დღეები, როდესაც სახლამდეც ვერ მივდიოდით. წუწუნში არ ჩამითვალოთ, მაგრამ კვების ობიექტებიც არ მუშაობდა და მე და ჩემი კოლეგები და მძღოლი ვიფარგლებოდით „სნიკერსით“, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა.

ამ დროს მწერენ, რომ მითხარით, რა ინსტრუმენტებით ამოწმებთ კლინიკებსო. მე გამიჩნდა აღქმა, რომ როდესაც ადამიანი ებრძვი მტერს და ამ დროს მეზობელი გეუბნება, რა იარაღით ებრძვიო, ამ დროს უნდა მობრუნდე და დაიწყო წერილის წერა..

მე ნამდვილად დავარღვიე კანონი, მაგრამ არ დამირღვევია მორალური კანონი, რასაც თქვენ მთხოვდით, რომ გამომეფინა ის კლინიკები და ექიმები, სადაც დარღვევები ნამდვილად იყო. მაგრამ მაშინ მე გავითვალისწინე მორალური მხარე, რის გამოც დავთმე ჩემი სადეპუტატო ვალდებულება იმ წუთას და დავარღვიე – რომ ექიმები, რომლებიც წინა ხაზზე იყვნენ, არ გამოვააშკარავე. იმიტომ, რომ არ იყო იქ ისეთი დარღვევები“, – განმარტა მან.

ხუნდაძე ასევე დასძენს, რომ ზემოხსენებულ ექიმებთან „სადამსჯელო რაზმის“ როლში ჩასული არ იყო – „არამედ, მათთან ერთად ვალაგებდით სიტუაციას“.

„აქ იყო ზუსტად, თუ დავარღვიე, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მთავარი არ დამირღვევია – ჩემი კოლეგების წინაშე მორალური პასუხისმგებლობა,“ – განმარტა ხუნადძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი