ნეტგაზეთი | პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს – Netgazeti

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მზად არიან, საქართველოს სახალხო დამცველთან გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში „ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლონ“.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცემათ.

„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს“, — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.


პროკურატურის მიერ 10 ივლისს გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა, ამავე ექსპერტიზის მიხედვით, ფეხბურთელს სხეულზე სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ბლაგვი, მკვრივი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

ამასთან ერთად, უწყების ცნობითვე, შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. თუმცა ამავე განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია, ამ მუხლით წაუყენეს თუ არა ვინმეს ბრალი. პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს კონკრეტული ბრალდებულები ამ მიმართლებით. უწყებაში განმარტავენ, რომ ექსპერტიზის შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ შაქარაშვილს სიცოცხლეში აქვს მიყენებული დაზიანებები, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საქმეს ახალი მუხლი დაემატოს, დანარჩენი დეტალების გამოსარკვევად გამოძიება გრძელდება.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ გარდაცვლილი მოკლულია. მისი ბიძა, მირიან ნიკოლაძე ფიქრობს, რომ მას ჯერ დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გადააგდეს მდინარეში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com