ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების” ბრალდებით დააკავეს

14 ივლისი, 2020 • 780
აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების” ბრალდებით დააკავეს

ბაქოში აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რაგიმ გაზიევი სოციალურ ქსელებში “ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებისა” და “პროვოკაციის მოწყობის” ბრალდებებით დააკავეს. ინფორმაციას meydan.tv ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთობლივ განცხადებას გაზიევის დაკავების შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური და გენერალური პროკურატურა ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “აზერბაიჯანელმა ხალხმა ამ რთულ დღეებში ეროვნული ერთობა და სამოქალაქო სოლიდარობა გამოავლინა, თუმცა ზოგიერთი ანტინაციონალური ძალა ამჯერადაც შეეცადა, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობა და სამართალწესრიგი დაერღვია. ზოგიერთი ძალა, საკუთარი არაკეთილსინდისიერი მიზნიდან გამომდინარე, შეეცადა შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას, ასევე, ხელისუფლების ორგანოების მიმართ ცილისწამებას.

აღნიშნული ძალები სოციალური ქსელების მეშვეობით მოსახლეობაში პანიკას თესდნენ, ავრცელებდნენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ცდილობდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიევს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებიან: “სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებები” და “პროვოკაცია”.

რა ტიპის განცხადებებს ავრცელებდა გაზიევი მიმდინარე დღეებში, ამის შესახებ აზერბაიჯანული პრესა არ წერს.

12 ივლისს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, მხარეთა ცნობით, ამჟამადაც გრძელდება.სომხეთი და აზერბაიჯანი ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ ერთმანეთის მისამართით ცეცხლის გახსნასა და „პროვოკაციებში“. გაზიევის გამონათქვამები, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა, შესაძლოა, მხარეებს შორის განახლებულ საბრძოლო მოქმედებებში სწორედ აზერბაიჯანული მხარის დადანაშაულებას უკავშირდებოდეს.

77 წლის გაზიევი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პოსტს 1992-93 წლებში იკავებდა. 1993 წელს სახელმწიფო ღალატის, ასევე, შუშას დათმობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 1994 წელს, მედიის ცნობით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მოსკოვში გაიქცა, სადაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1996 წელს აზერბაიჯანში მისი ექსტრადირება მოხდა. გაზიევმა ციხე 2005 წელს დატოვა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ბოლო წლების ანგარიშების მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი