ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო კონფლიქტის ზონაში სროლაზე და მსხვერპლზე განცხადებას ავრცელებს

12 ივლისი, 2020 • 856
ბაქო კონფლიქტის ზონაში სროლაზე და მსხვერპლზე განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სადაც მხარეები [სომხეთი, აზერბაიჯანი] ერთმანეთს პერიოდულად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ, ორმხრივი სროლაა.

ბაქოს განცხადებითვე, სროლის შედეგად, დაიღუპნენ როგორც აზერბაიჯანელი, ასევე მოწინააღმდეგე მხარის სამხედროები.

“სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, 12 ივლისსს თავუშის მიმართულებით პროვოკაცია მოაწყვეს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უხეშად დააარღვიეს. საარტილერიო დანადგარებიდან ისროლეს ჩვენი პოზიციების მიმართულებით. ორივე მხარეს დანაკარგია. სროლა ამჟამადაც მიმდინარეობს”, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სომხური მხარე მისი დანაყოფების სამხედროების გარდაცვალებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამავე დროს, აზერბაიჯანს პროვოკაციაში თავად ადანაშაულებს.

“დღეს, დაახლოებით, 2:30 საათზე აზერბაიჯანის თავდაცვის დანაყოფის სამხედროებმა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, УАЗ-ის ტიპის ავტომობილით, თავუშის მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა სცადეს. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, დატოვეს ავტომობილი და საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ. 13:45 საათზე აზერბაიჯანის სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რითაც ცდილობდნენ ჩვენი პუნქტის ხელში ჩაგდებას, თუმცა, სომხურმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა. სომხურ მხარეს მსხვერპლი არ არის”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი შუშან სტეპანიანი.

რამდენიმე დღის წინ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა.

“დღეს ფაქტიურად არ არსებობს მოლაპარაკებები კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, არც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრების ვიდეოკონფერენციებს მოაქვს რაიმე შედეგი. ეს მხოლოდ ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის საქმიანობის იმიტაციაა. თუ მოლაპარაკებები საგნობრივი არ იქნება, ჩვენ მასში მონაწილეობას აღარ მივიღებთ”,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან გასვლით იმუქრება

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო; ფოტო: apa.az

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო; ფოტო: apa.az

მასალების გადაბეჭდვის წესი