ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე გვარამია სასამართლოში გამოკითხეს

11 ივლისი, 2020 • 1246
შაქარაშვილის საქმეზე გვარამია სასამართლოში გამოკითხეს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაქარაშვილის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. გვარამიასთან საგამოძიებო უწყებებს მომხდარის იმ ვერსიებისა და ინფორმაციის წყარო აინტერესებდათ, რაც “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტებში გაჟღერდა.

ნიკა გვარამიას თქმით, ის წყაროს გასაჯაროებას არ გეგმავს. მისი თქმით, გამომძიებლები ასევე დაინტერესდნენ კიდევ რა ინფორმაციას ფლობდა გვარამია ფაქტის სახით:

“წყაროებთან დაკავშირებით, მე არ გავამხილე წყარო. არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მე ეთერსი გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს. საქმეში იმალება ბევრი დეტალი და გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათისა. მეკითხებოდნენ ეს ფაქტი ვინ გითხრა, ვუპასუხე რომ მცოდნოდა როგორც ფაქტი, ვიტყოდი მტკიცებით ფორმატში, მაგრამ სადაც ვმაბობ, ვფიქრობ ესაა საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ვავითარებ ჩემს მოსაზრებებს” – ამბობს ნიკა გვარამია გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

თუმცა, გვარამია აღნიშნავს, რომ საქმის რიგი გარემოებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წყაროსგან აქვს მიღებული და შესაბამისად, მათი სარწმუნობა მაღალია. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, გამოძიება ამ ფაქტებითაც დაინტერესდა, რაზეც გვარამია აცხადებს, რომ ეთერში ისაუბრებს:

“როგორც ფაქტი ვიცი “კაწროს” მონაწილეობა, ამას არ უარვყოფ და ამაზე იქნება კიდევ და კიდევ ჩვენი მამხილებელი გამოძიებები. ეს ვიცი ზუსტად. მონაწილეობა არა იქ ასვლით, არა მკვლელობაში მონაწილეობით, არამედ ჩაფარცხვით. ზოგადად, გამოძიებას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მკვლელების აღმომჩენები და გამომძიებლები არ ვართ, ჩვენ ვართ გამომძიებელი ჟურნალისტები. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე გაიხსნას” – ამბობს გვარამია


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

შაქარაშვილის საქმეს განზრახ ჯგუფური მკვლელობის მუხლი დაემატა

მასალების გადაბეჭდვის წესი