ნეტგაზეთი | საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩს სააკაშვილის განცხადებების გამო შეხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩს სააკაშვილის განცხადებების გამო შეხვდნენ – Netgazeti

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩს სააკაშვილის განცხადებების გამო შეხვდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უკრაინის ელჩს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით შეხვდნენ. სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს, ვიდეომიმართვისას თქვა, რომ ოქტომბრის არჩევნების დროს “წინა ხაზზე იდგება”, საქართველოს მთავრობა კი არალეგიტიმურია.

“შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო”, – აღნიშნულია სამინისტროს 10 ივლისის განცხადებაში.

სამინისტროს თანახმად, “აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს”.

“ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ივნისშიც იმყოფებოდა, როცა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადების გამო დაიბარეს. სააკაშვილი მაშინაც აღნიშნავდა, რომ  “არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან