ახალი ამბები

კრიმინალური პოლიცია გვარამიას შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე იბარებს

10 ივლისი, 2020 • 910
კრიმინალური პოლიცია გვარამიას შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე იბარებს

კრიმინალური პოლიცია ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე იბარებს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” ნიკა გვარამიამ დაუდასტურა.

გვარამია ამბობს, რომ პოლიციაში მისვლას არ გეგმავს და საჭიროების შემთხვევაში ჩვენებას სასამართლოში მისცემს.

როგორც “მთავარი არხის” იურისტი დიტო საძაგლიშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, მათთვის უცნობია, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით იბარებენ გვარამიას გამოკითხვაზე. თუმცა მანამდე ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რამდენიმე გადაცემა, რომელიც აღნიშნულ საქმეს ეხებოდა, მათ შორის, ჟურნალისტებმა გაშიფრეს საქმის მასალებში არსებული კადრებიც.

ამასთან, გვარამია პირად ფეისბუკის გვერდზე წერდა, რომ შაქარაშვილი “მოკლეს თბილისიდან ჩასულმა სრულწლოვანმა დამნაშავეებმა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გახმიანებული გარემოებების შესახებ.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

შაქარაშვილის საქმეს განზრახ ჯგუფური მკვლელობის მუხლი დაემატა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი