ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალიდან და ახალგორიდან 360-ზე მეტი აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩაირიცხება – მინისტრი

9 ივლისი, 2020 • 2384
გალიდან და ახალგორიდან 360-ზე მეტი აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩაირიცხება – მინისტრი

“სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს უმაღლესი განათლების მისაღებად გალიდან და ახალგორიდან თბილისში წამოვიდეს. გასულ წელს მათი რაოდენობა გაორმაგდა, წელს კი დარეგისტრირებულთა რიცხვმა 360-ს გადააჭარბა. ეს არის უდიდესი მიღწევა!”, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური

“ქედს ვიხრი მათ წინაშე! ასეთი საქციელი ნამდვილად გმირობის ტოლფასი და საამაყოა. მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის მცდელობისა, რომ ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაებარებინათ, მათ და მათმა ოჯახებმა გაუძლეს ზეწოლას, გადალახეს შიში და დიდი რისკის ფასად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლები აირჩიეს, რადგან მავთულხლართებს აქეთ საქართველოს მონატრებულებს მტკიცედ სჯერათ ბედნიერი მომავლის და ფიქრობენ, რომ დიდი მისია აკისრიათ შერიგების გზების მოძებნაში”, – აცხადებს გიგაური.

მისივე თქმით, რომ არა ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და გამიზნულად ჩაკეტილი გადასასვლელები, მათი უმრავლესობა წარმატებით ჩააბარებდა ეროვნულ გამოცდებს და საუკეთესო შედეგებს აჩვენებდა.

“ოკუპაციის წნეხის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს”.

ამასთან, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გალელი და ახალგორელი სტუდენტების მშობლებსაც მიმართავს.

“უდიდეს მოკრძალებას და პატივისცემას გამოვხატავ ამ ახალგაზრდების გმირი მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ. მიუხედავად არსებული მძიმე პირობების და სოციალურ-ეკონომიკური ფონის, უუფლებო მდგომარეობის, მუდმივი ზეწოლის, მუქარის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და მშობლიურ ენეზე განათლების შეზღუდვის, ისინი ძალისხმვას არ იშურებენ, რომ სრულფასოვანი განათლება მისცენ მომავალ თაობებს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს! გამძლეობა მათ!

ჩვენ კი კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ხარისხიანი განათლება ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, რომ ერთად გადავდგათ უფრო დიდი ნაბიჯები შერიგების, ნდობის აღდგენისა და უკეთესი მომავლისკენ!”- აცხადებს გიგაური.

სოხუმსა და თბილისს შორის – გალელი აბიტურიენტების ისტორიები

მასალების გადაბეჭდვის წესი