ახალი ამბები

პროკურატურა: შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ტელეფონში პირადი ცხოვრების კადრები აღმოჩნდა, დაწყებულია გამოძიება

9 ივლისი, 2020 • 781
პროკურატურა: შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ტელეფონში პირადი ცხოვრების კადრები აღმოჩნდა, დაწყებულია გამოძიება

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული  კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

აქედან გამომდინარე, უწყების პრეს-რელიზის თანახმად, „9 ივლისს ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე იმავე დღეს გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს“.

„საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების, ასევე შენახვის, კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს“, — ამბობენ პროკურატურაში.

იქამდე, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ პროკურატურამ მხარეებს შეცდომით გადასცა ახალგაზრდების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. შემდეგში კი სურდა მათი გაფრთხილება, რომ თუ ამ კადრებს გაავრცელებენ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„გარკვეული ეჭვი შეგვექმნა, რომ რაღაც პირადი ხასიათის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია იყო და კომუნიკაცია გვქონდა საგამოძიებო ორგანოსთან. მათ დაადასტურეს ის, რომ გარკვეული შეცდომა მოუვიდათ, ეს ინფორმაცია არ უნდა გადმოეცათ, და როდესაც გუშინ, 11 საათზე იქ ჩავედით, იქ იყო საუბარი, რომ მათ უნდოდათ ჩვენ გავეფრთხილებინეთ შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, როდესაც მათ გაგვიცვალეს ეს, თვითონვე ჩაწერეს ჩვენ მიერ მიტანილ კომპიუტერში, რომ გაგვაფრთხილეს შენახვისთვის, გავრცელებისთვის და ასე შემდეგ“, — განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი