ახალი ამბები

TI: 2019 წელს “ოცნებამ” დანარჩენ 18 პარტიაზე თითქმის 2-ჯერ მეტი დაფინანსება მიიღო

9 ივლისი, 2020 • 769
TI: 2019 წელს “ოცნებამ” დანარჩენ 18 პარტიაზე თითქმის 2-ჯერ მეტი დაფინანსება მიიღო

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) პოლიტიკური პარტიების 2019 წლის ხარჯებსა და ფინანსებზე ზედამხედველობის ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, მმართველი „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10- მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა.

ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი – მმართველ პარტია „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა. ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში ასევე შედიან:

  • 1 676 618 ლარით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
  • 1 643 099 ლარით – „ევროპული საქართველო”

TI-ის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 41% (8 437 689) კი – კერძოზე:

“ქართულ ოცნებას თუ გამოვაკლებთ, დანარჩენი 18 პოლიტიკური პარტიის ჯამური შემოსავლის 88% სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე მოდიოდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე, ფაქტობრივად, არ იცვლება. 19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს”არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან 2019 წელს შეიქმნა და ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია”.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში მიიღო 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. მათგან შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ.

TI-ს მიხედვით, 141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს 2019 წლის პირვეი იანვრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე „ქართული ოცნების” შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ:

15 750 924 ლარი -გამარტივებული შესყიდვებით
126 092 739 ლარი- ტენდერებით

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ დამფინანსებლებს მმართველი პარტიის ყულაბაში, ჯამში, 1 745 000 ლარი ჰქონდათ შეტანილი:

“2019 წელს კომპანიამ „გ & კ ტექნოლოგი” და მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა „ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, 40 000 და 60 000 ლარი ჩაურიცხეს. ამ კომპანიამ 16 თვის განმავლობაში 28 376 575 ლარის 8 სახელმწიფო ტენდერი მოიგო. აბრამიშვილი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს, 2012 წელს კი მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც” აფინანსებდა”, – წერია ანგარიშში.

TI-ს მონიტორინგის შედეგად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ.

ავტორების თქმით, ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო ახასიათებს – მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც ეჭვებს აჩენს, კერძოდ, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა:

“„ქართული ოცნების” მსხვილ დამფინანსებლებს შორის 2019 წელსაც ტრადიციულად მოხვდნენ: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემომწირველი ფიზიკური და იურიდიული პირების ჯგუფი; სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორ „თეგეტა მოტორსთან” დაკავშირებული პირები; „ლილო-მოლთან” დაკავშირებული შემომწირველები; „სერვის-აგროსთან” პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული შემომწირველები; „პოლიმერთან” დაკავშირებული პირები” ,- აცხადებენ TI-ში.

რაც შეეხება პარტიების მიერ 2019 წელს გაწეულ ხარჯებს, 19-მა პარტიამ 2019 წელს სულ 20 723 057 ლარი დახარჯა, რომლის 43% – 8 877 711 ლარი – მმართველ პარტიაზე მოდის. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო”; 1 671 775 ლარით მესამეზე კი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”.

აქედან 2019 წელს პარტიებმა რეკლამაზე, ჯამში, 2 352 736 ლარი დახარჯეს, აქედან 74% – 1 747 140 ლარი – ანგარიშის მიხედვით, მმართველ პარტიაზე მოდიოდა. TI აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ” რეკლამაში 3-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ ჯამურად დახარჯა – 605 596 ლარი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო:

“Facebook-მა საკუთარი ინიციატივით უკვე ორჯერ წაშალა ასეულობით მომხმარებელი, რომლებიც ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და სხვადასხვა პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ეწეოდნენ; სახელმწიფო აუდიტის სამსახური სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ფინანსების ხარჯვას ვერ აკონტროლებს – ეს პრობლემა მოგვარებას საჭიროებს”, – აცხადებენ TI-ში.

გამომდინარე აქედან, ორგანიზაცია რეკომენდაციებს ავრცელებს:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს:
  • მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირებას და შესწავლას;
  • პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ მონიტორინგს;
  • პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსების სწორად და სრულად დეკლარირების მხრივ;
  • პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი