ახალი ამბები

ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო: რობერტოს გზა ტაილანდიდან საქართველომდე

24 ივლისი, 2020 • 2122
ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო: რობერტოს გზა ტაილანდიდან საქართველომდე

საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულს კარანტინში მოუწია რამდენიმე თვის გატარება, თუმცა შემდგომი პერიოდი იმაზე საინტერესო და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე გეგმავდა. რობერტო მერჩანი 3 წელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ამავე ფორმით სურს, მშობლიურ სოფელს მიაღწიოს, ესპანეთის სამხრეთით. დასახულ მარშრუტს ჩვეულებრივ მიუყვებოდა და ასე მოაღწია თბილისს, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო. რობერტოს გეგმებიც ამ მომენტიდან შეიცვალა.

სანამ “ერასმუსის” საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით საზღვარგარეთ მოგზაურობასა და მუშაობას შეუდგებოდა, რობერტო მშობლიურ ესპანეთში მასწავლებლად მუშაობდა. შემდგომ ევროპის ქვეყნებში, მომსახურების სფეროში საქმიანობდა და სამუშაო გარემოსაც არ უჩიოდა, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” უყვება, მუდმივად ფიქრობდა ცხოვრების სტილის შეცვლაზე. ფიქრის შემდეგ, 2016 წლის მარტში, ბილეთი იყიდა ტაილანდისკენ.

“უკვე აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების წესის შეცვლა, რა დროსაც გავხდი ნომადი და დავიწყე მოგზაურობა, ადგილმონაცვლეობა”, – ამბობს ის.

11 თვე მოგზაურობდა სამხრეთ აზიაში. ტაილანდის გარდა, მოიარა კამბოჯა, მიანმარი და ინდოეთი.

“ინდოეთში შეიცვალა ჩემი მოგზაურობის ფორმები: დავიწყე ავტოსტოპით მგზავრობა და ასე გავიარე დაახლოებით 4 000 კილომეტრი მუმბაიდან ჰიმალაის მთებამდე, იქიდან კი- ნეპალში.

მინდოდა, შემეცვალა გზა, რომლითაც ვმოგზაურობდი. მეტი თავგადასავალი მინდოდა. მსურდა, არა მხოლოდ ცნობილი ადგილები მენახა, არამედ ადგილობრივ ხალხს შევხვედროდი, გამეცნო ისინი…”

რობერტო ტიბეტში

რობერტო ტიბეტში

დიდხანს აღარ უფიქრია და სურვილის სისრულეში მოყვანაც მალევე დაიწყო. 2017 წლის ზაფხულში ნეპალიდან ესპანეთში დაბრუნდა, მოაწესრიგა დოკუმენტები, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე შეიძინა ველოსიპედი და ისევ ტაილანდში გაფრინდა. აქ დაისახა ამჟამინდელი მიზანიც:

მოგზაურობა ველოსიპედით ბანგკოკიდან, რომელიც ესპანეთში, მალაგის მუნიციპალიტეტის სოფელ არდალესში უნდა დასრულდეს – იქ, სადაც რობერტო გაიზარდა.

“ვიმოგზაურე ტაილანდში, კამბოჯაში, ვიეტნამში… ტაილანდში ბუდისტურ ტაძრებში ვრჩებოდი. ერთი ტაძრიდან მეორეში ვმოგზაურობდი და 30 ღამის მანძილზე სხვადასხვა ტაძარში მეძინა.

ეს აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილება იყო პირველ მოგზაურობასთან შედარებით. გარკვეულწილად ახლაც ტურისტი ვიყავი, თუმცა გამოცდილება იყო სრულიად სხვაგვარი. ადგილობრივებთან მეტი კონტაქტი მქონდა, ტაძრებში ვიძინებდი და ვიღვიძებდი…” ,- ყვება ის.

სანამ საქართველოს საზღვრებს მოაღწევდა, იმოგზაურა შუა აზიის თითქმის ყველა ქვეყანაში, მოიარა ირანი და სომხეთიც და გასულ წელს ესპანეთში დაბრუნებაც მოასწრო გამოსაზამთრებლად, თუმცა, არა ველოსიპედით. მისი წინასწარ დაგეგმილი, თუმცა დაუგეგმავად ხანგრძლივი მოგზაურობა საქართველოში მარტის თვეში დაიწყო. ჩამოვიდა თბილისში და სულ მალე აპირებდა ქვეყნის მთიანი რეგიონებისაკენ გამგზავრებას, როცა პანდემიის თანმდევი პირველი შეზღუდვები ამოქმედდა.

“იმ დროს ესპანეთში სულ რამდენიმე შემთხვევა იყო გამოვლენილი, ასევე, ბრიტანეთშიც. ჩამოვდივარ ქუთაისის აეროპორტში და ვხედავ, დგას პოლიცია, ადამიანებს ამოწმებენ, ნიღბები უკეთიათ… ვნახეთ, რა მოხდა შემდეგ. რამდენი ადამიანი დაიღუპა თუნდაც, ესპანეთში. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს რეაქცია ძალიან გადამეტებული იყო, თუმცა ამის წყალობით მოვედით იქამდე, სადამდეც მოვედით”, – აღნიშნავს რობერტო.

კარანტინის პერიოდი განსაკუთრებით რთული იყო მისთვის, როგორც ნომადისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, ხანგრძლივად ერთ ადგილას არ გაჩერებულა. თუმცა იძულებული გახდა, დროებით უარი ეთქვა ამ პრინციპზე და რამდენიმე თვე თბილისში გაატარა.

თავდაპირველად გზის რაც შეიძლება სწრაფად გაგრძელებაზე ფიქრობდა, მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნებოდა, თუმცა ახლა სხვა აზრზეა:

“პოზიტიური კუთხით რომ შევხედოთ: მარტში რომ წავსულიყავი, ვერ ვნახავდი, მაგალითად, დუშეთსა და უშგულს, რადგან ძალიან დიდი თოვლი იდო მთებზე. ამ პერიოდში საქართველოს საუკეთესოდ თუ არა, უკეთ გაცნობის საშუალება მაინც მომეცა.

მოვიარე სიღნაღი, საგარეჯო, ლაგოდეხი, შემდეგ- დუშეთი… თავდაპირველად ხალხი შეშინებული იყო. როცა ვეუბნებოდი, რომ ესპანეთიდან ვიყავი, კორონა ახსენდებოდათ. ახლა ხალხი ფანტასტიკურია. გზაზეც სასიამოვნო ამბები ხდება: მახსოვს, როგორ მიმიპატიჟეს სუფრაზე ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში; გზად მხვდებიან ხოლმე ქართველები, რომლებიც ღვინოზე, ჭაჭაზე მეპატიჟებიან…

საქართველო ადრე რომ დამეტოვებინა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა”, – ყვება ის.

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

როდესაც რობერტოსთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ლაგოდეხი და შავი კლდეების ტბა დაასახელა ყველაზე გამორჩეულ ადგილად, რაც მანამდე საქართველოში ენახა. თუმცა,ინტერვიუს შემდეგ მის მიერ დაფარული მარშრუტი კიდევ გაიზარდა. ამჟამად სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობს, შემდგომ კი იმერეთისკენ აიღებს გეზს და წყალტუბოს მოინახულებს. ამის შემდეგ, როგორც გვეუბნება, საზღვარს გადაკვეთს და გზას მშობლიური სოფლისკენ გააგრძელებს.

არ ფიქრობს, რომ მარტო მოგზაურობა მოსაწყენია და საერთოდაც, არც იმას ფიქრობს, რომ ასეთ დროს მარტოა:

“ხალხი მეკითხება, რას აკეთებ, როცა მარტო ხარ? მე ვეუბნები: არ ვარ მარტო, მე საკუთარ თავთან ერთად ვარ. საათობით დავდივარ ველოსიპედით, საკუთარ ისტორიებს ვიქმნი, მომავალზე ვფიქრობ… ვფიქრობ იმაზე, როგორ მივაღწიო ჩემს სოფლამდე…

2 წლის წინ დაბადების დღეს ასე შევხვდი. ზოგიერთი მეკითხებოდა, როგორ იყავი მარტო შენს დაბადების დღეზე, როგორ გაძელი? რეალურად, მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი”.

 

საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს რობერტო სხვებს სოციალური ქსელით უზიარებს. მისი ფეისბუქ გვერდი იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი