ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას საზღვრებს გაუხსნის – მთავრობა

8 ივლისი, 2020 • 1350
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას საზღვრებს გაუხსნის – მთავრობა

მთავრობის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას საზღვრებს გაუხსნის. დეტალური ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის, ქვეყანათა სია, დღეს, 11:00 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

როგორც მთავრობა წერს, ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საზღვრების გახსნის თაობაზე მთავრობა აქტიურად აწარმოებს ორმხრივ  მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან.

„რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ.
ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრისას განიხილეს მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა ამ ეტაპზე საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. არაერთ ქვეყანაში ჩასვლისას კი სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

„ამასთან, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის პირობები“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი