ნეტგაზეთი | “ყველა ცვლილება მოსამართლეთა “კლანის” წისქვილზე ასხამს წყალს – საიას ანგარიში “ყველა ცვლილება მოსამართლეთა “კლანის” წისქვილზე ასხამს წყალს – საიას ანგარიში – Netgazeti

“ყველა ცვლილება მოსამართლეთა “კლანის” წისქვილზე ასხამს წყალს – საიას ანგარიში

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად გარკვეული დადებითი საკანონმდებლო ცვლილებებისა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები არსებითად ვერ აღმოიფხვრა, რამდენადაც ყველა ცვლილება, რომელიც გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს არ დაუპირისპირდება, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, “კლანის” წისქვილზე ასხამს წყალს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2019 წელს კანონმდებლობაში შევიდა არსებითი ცვლილებები, რომლებმაც სრულად შეცვალა საბჭოს მიერ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესი. საიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ  პროცედურები გამჭვირვალე გახდა, კანდიდატების შერჩევას კი საფუძვლად შესაბამისი კრიტერიუმები დაედო, საბჭოს მიერ წარდგენილი პრეტენდენტები არა დამსახურების, არამედ ლოიალობის ნიშნით შეირჩნენ და შედეგად, ახალმა რეგულაციებმა ხელი ვერ შეუშალა „კლანს“, პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები პერსონები გაეგზავნა:

“კარგი მაგალითია გასულ წელს მოსამართლეების დანიშვნა, რომლებიც მეტწილად არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე ხვდებოდნენ პირველ და მეორე ინსტანციებში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კლანი საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს. იმავდროულად, მას საქმეს უადვილებს პროცედურები, რომლებიც კვლავ შეიცავს ხარვეზებს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

კერძოდ, საია ხარვეზად მიიჩნევს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის, რომლებიც კენჭისყრის ეტაპზე არ დაიშვებიან,  გასაჩივრების მექანიზმის არარსებობას.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისას მოქმედებს შედარებით გამჭვირვალე წესი, რომელიც კანდიდატთა მხოლოდ მცირე ნაწილზე (სკოლის მსმენელებზე) ვრცელდება. თუმცა, საიას განმარტებით, ხარვეზები აქაც არსებობს.

მაგალითად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას, 6 შემფასებლიდან 4 მიიჩნევს, რომ მოსამართლე ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ასევე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით, მის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს 70%-ს, საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს სამართლებრივ აქტს უვადოდ განწესების მოთხოვნის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. საკითხი არ დგება კენჭისყრაზე, რაც საია-ს განცხადებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ რეგულირებას, რომლის თანახმად,  კანდიდატის მოსამართლედ არდანიშვნისთვის 6 პირის უარია საჭირო.

კიდევ ერთი ხარვეზი, რაზეც ორგანიზაციაში საუბრობენ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეხება. კერძოდ, სამ წელზე მეტი გამოცდილების მქონე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისას არ საჯაროვდება მათი განცხადებების შემოსვლის თარიღი და ინფორმაცია საკითხის განხილვის ეტაპების შესახებ. ამასთან, საია აღნიშნავს, რომ არ არის დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ვადები, რაც ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა, საბჭომ მოსამართლეზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს.

გარდა ამისა, საია ყურადღებას ამახვილებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის დროს გასაუბრებების დახურულ ფორმატში ჩატარების წესზე, რაც, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, მათი შეფასებით, პრობლემებს წარმოშობს:

“კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საბჭოს წევრები მონაწილეობენ კონკურენტ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში, რაც მათ, დანარჩენ კონკურსანტებთან შედარებით არასამართლიან და უთანასწორო პირობებში აყენებს; მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანისას არ არის განსაზღვრული გამჭვირვალე პროცედურა. საბჭო არ აქვეყნებს ინფორმაციას პროცესის დაწყების, მონაწილეთა რაოდენობისა და ვინაობის შესახებ” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, მართლმსაჯულების რეფორმის „მეოთხე ტალღის“ შემდეგ სიახლეებია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიმართულებით, რასაც საია დადებითად აფასებს. ცვლილებების მიხედვით, მსმენელთა მისაღებ კონკურსს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, თავად სკოლა ჩაატარებს, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლავ პრობლემად რჩება სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტებისა და თავმჯდომარის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო როლი.

ამასთან, საია აღნიშნავს, რომ კანონმა არ დაარეგულირა მსმენელთა შერჩევის წესი და კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდების გამართულად ჩატარების კუთხით გადადგმული გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად (იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა გამოცდის ჩატარების წესი, განახლდა საკვალიფიკაციო პროგრამა, ტრენინგი ჩაუტარდა 30 ექსპერტს), კვლავ პრობლემურია პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო როლი.

კიდევ ერთი პრობლემა, საია-ს განცხადებით, თავმჯდომარეებს უკავშირდება. კერძოდ, სასამართლოს თავმჯდომარეები, რომლებიც, იმავდროულად, იკავებენ საბჭოს წევრის თანამდებობას, ფაქტობრივად, ჩამოცილებულნი არიან სამოსამართლო საქმიანობას:

“დადგენილი არ არის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა (რის გამოც, მაგალითად, მხოლოდ ერთი პრეტენდენტის შემთხვევაში გასაუბრებები აღარ ტარდება). ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს შიდა ქსელში ქვეყნდება, თუმცა პროცესი ძირითადად არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. კვლავ გამოწვევად რჩება თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის მექანიზმის დაურეგულირებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ეს უფლებამოსილება კონკრეტულ პირს განუსაზღვრელი ვადით და გაურკვეველი საფუძვლით დაეკისროს” ,- წერია ანგრიშში.

საია-ში განამრტავენ, რომ ამ ფონზე თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის პრაქტიკა საბჭოს მიერ სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების თვითნებურად განწესების შთაბეჭდილებას ტოვებს.

ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ თავმჯდომარეს აქვს ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა მარტივი, დაუსაბუთებელი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც მანიპულაციის რეალურ რისკებს შეიცავს.

ანგარიში ეხება კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს – დისციპლინურ სამართალწარმოებას. კერძოდ,  საუბარია „მეოთხე ტალღის“ ცვლილებებზე, რომელიც მეტწილად სწორედ მის საკანონმდებლო მოწესრიგებას ისახავდა მიზნად.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები გადაცდომის სახეებისა და სამართალწარმოების პროცედურების დახვეწის მიმართულებით, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება დამოუკიდებელ ინსპექტორთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც პროცესში საკვანძოა:

“ინსპექტორის დანიშვნისას საკმარისია საბჭოს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. ეს შესაძლებლობას აძლევს მოსამართლე წევრებს, თანამდებობაზე მათთვის მისაღები წევრი გაიყვანონ; დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის წესი არ განსაზღვრავს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს. არ არის დადგენილი”.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების გაცნობისას ნათელი ხდება, რომ: საჩივრების განხილვის ვადები ჭიანურდება, რამდენადაც, საიას თქმით,  საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებებში შეტანილი არ არის ინსპექტორის არგუმენტები გადაცდომის ნიშნების არსებობა- არარსებობის შესახებ და მაღალია მათი შეწყვეტის მაჩვენებელი.

ორგანიზაცია დადებითად აფასებს მართლმსაჯულების რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ცვლილებებს, რომლებითაც საბჭოს ორი სახის – ინდივიდუალური (განკარგულება) ან ნორმატიული (დადგენილება) აქტების მიღების უფლებას აძლევს.

როგორც საია-ში განმარტავენ, განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას და პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ეს დოკუმენტი, უფლება აქვს, მის მიღებამდე წარადგინოს წერილობითი მოსაზრება.

ანგარიშში ასევე დადებითადაა შეფასებული 2018 წლიდან დადგენილი პრაქტიკა (ის 2019 წელსაც გაგრძელდა), რომელიც დღის წესრიგის განმარტებებით გამოქვეყნებას გულისხმობს:

“მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს პრობლემები როგორც ნორმატიულ ბაზაში, ისე საბჭოს მიერ დადგენილ პრაქტიკაში, რაც, საერთო ჯამში, საბჭოს გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ხარისხს მნიშვნელოვნად აზიანებს. მენეჯმენტის პრობლემაზე მიუთითებდა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაწყებული სხდომები. პრობლემურია მათი დახურვის პროცედურების ბუნდოვანებაც”, – წერია ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგად, ამ ნაწილში საია-მ შემდეგი მიგნებები გამოკვეთა:

  •  საბჭოს რეგლამენტში არაფერია ნათქვამი, ვინ ადგენს და ამტკიცებს დღის წესრიგის პროექტს. არ არის განსაზღვრული საბჭოს წევრის უფლება, მოითხოვოს დღის წესრიგიდან ამა თუ იმ საკითხის ამოღება ან დამატება;
  • საბჭოს რეგლამენტით არ არის დარეგულირებული, რა დრო ეთმობა საბჭოს თითოეულ წევრს პოზიციის დასაფიქსირებლად, რამდენჯერ შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე გამოსვლა და დამატებით რამდენი წუთი უნდა მიეცეს განცხადების გასაკეთებლად;
  • რეგლამენტით ასევე სათანადოდ არ არის დარეგულირებული გარეშე პირთა მოწვევისა და სხდომაზე დამსწრეთა მიერ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ამგვარ ინიციატივას საბჭო, როგორც წესი, ნეგატიურად ხვდებოდა და არ აკმაყოფილებდა.
  • საანგარიშო პერიოდში მუდმივად ირღვეოდა სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის 7 დღით ადრე გამოქვეყნების წესი. მონაცემები აღნიშნულის შესახებ მხოლოდ 1-3 დღით ადრე ხდებოდა ცნობილი. უმრავლეს შემთხვევაში ინფორმაცია 1 დღით ადრე გამოქვეყნდა.
  • ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა საბჭოს სხდომების მედიის საშუალებით გაშუქების პრობლემების მოსაგვარებლად. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზემოთ აღნიშნული ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ, მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, საბჭოში კვლავ რჩება მოსაგვარებელი პრობლემები, რომელიც სათავეს კლანის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაციიდან იღებს და ეხმარება მას სასამართლო სისტემის მართვაში, რაც მორჩილების პრინციპს ეფუძნება.

აქედან გამომდინარე საია მოუწოდებს:

შესაბამისმა ორგანოებმა ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის გზით უნდა უზრუნველყონ
  • კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის გასაუბრებიდან კენჭისყრის ეტაპზე გადასვლაზე უარის გასაჩივრების შესაძლებლობა;
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცედურის გადახედვა (საბჭოს სხდომაზე უნდა გავიდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების პროექტი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. თუ წინადადება ვერ მოაგროვებს 6 ხმას, მოსამართლე გასაუბრებაზე უნდა დაიშვას);
  • მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარება ღია სხდომაზე;
  • მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების უფლებამოსილების სკოლისთვის მინიჭება, საბჭოს ნაცვლად;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების წესის არსებითად გადახედვა. I ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე ქულებით უნდა შეფასდეს კანდიდატების შესაბამისობა მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტთან. ამის თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება საბჭომ ღია კენჭისყრაზე უნდა მიიღოს. II ეტაპზე გადასული კონკურსანტებიდან უზენაეს სასამართლოში ნომინირდება ის, ვინც ცალ-ცალკე მოიპოვებს საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ს;
  • თავმჯდომარეების არჩევითობა (პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში);
  • სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეების (მათი მოვალეობის შემსრულებლების) ადმინისტრაციული პოზიციების გაუქმება;
  • ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა წილისყრით განაწილება;
  • უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცედურის სრულყოფა. საჭირო ხმების ოდენობა პირველი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ არ უნდა შემცირდეს და თუ 2/3 ვერ გროვდება, საბჭომ ხელახლა უნდა დაიწყოს პროცედურები;
  • საბჭოში თავმჯდომარეების კვოტის გაუქმება. წევრმა, რომელიც, იმავდროულად, იკავებს მოსამართლის გარდა სხვა თანამდებობას, არჩევისთანავე უნდა დატოვოს ის. საბჭოს დაკომპლექტების მიმართულებით ასევე საჭიროა ისეთი ცვლილებები, როგორიცაა რეგიონული და გენდერული კვოტები. უნდა შეიცვალოს მოსამართლე წევრების საარჩევნო სისტემა;
  • ინსპექტორის დანიშვნისთვის საჭირო ხმების ოდენობად 2/3-ის განსაზღვრა;
  • დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის საკონკურსო წესის სრულყოფა: შერჩევის კრიტერიუმების, გასაუბრების ჩატარების წესის, კანდიდატის შეფასებისა და დასაბუთების წესების განსაზღვრა;
  • დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ინსპექტორის არგუმენტების შეფასებს;
  • საბჭოს სხდომების დახურვის წესის სრულყოფა;
  • საბჭოს წევრებისთვის საბჭოში შესული ნებისმიერი დოკუმენტის ასლის გადაცემის, მათი მხრიდან პოზიციის დაფიქსირების პროცედურის, სხდომის დღის წესრიგის შედგენის, იქიდან საკითხის ამოღებისა და დამატების, სხდომაზე მესამე პირების მოწვევისა და დამსწრეთა მიერ აზრის გამოთქმის წესების შემუშავება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების იმპლემენტაციის სრულ ყოფისთვის უნდა უზრუნველყოს:
  • ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე რეაგირება და მათი თავიდან აცილება;
  • დისციპლინური საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვე ტილებებში დამოუკიდებელი ინსპექტორის არგუმენტების შეფასება;
  • დისციპლინური საჩივრების კანონით დადგენილ ვადებში განხილვა;
  • სხდომების შესახებ ინფორმაციის წინასწარ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოქვეყნება;
  • საბჭოს სხდომების ონლაინ რეჟიმში გადაცემა;
  • დამოუკიდებელი ინსპექტორის, მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის კანდიდატებთან გასაუბრებისას კანდიდატის პოზიციის გათვალისწინება და, შესაბამისად, სხდომის ღია ან დახურულ რეჟიმში ჩატარება.
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს მსმენელთა შერჩევის გამჭვირვალე პროცესი.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.