ნეტგაზეთი | გამარტივებულ შესყიდვებში “ოცნების” შემომწირველებთან 45 მლნ ლარზე მეტის კონტრაქტები გაფორმდა – TI გამარტივებულ შესყიდვებში “ოცნების” შემომწირველებთან 45 მლნ ლარზე მეტის კონტრაქტები გაფორმდა – TI – Netgazeti

გამარტივებულ შესყიდვებში “ოცნების” შემომწირველებთან 45 მლნ ლარზე მეტის კონტრაქტები გაფორმდა – TI

საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1 495 ტენდერი გამოცხადდა, გამოცხადებულ ტენდერების ნახევარზე მეტში კი მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

TI-ის ცნობითვე, სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით, ჯამში, 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღესრაც ამ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. საუბარია შემდეგ კომპანიებზე:

  • შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო –  ამ კომპანიას „ქართულ ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული
  • შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო – მის დირექტორს, შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული.
  • პაატა კოკაიას კუთვნილმა 4-მა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ) ჯამში, 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო – მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.
  • შპს „ეი-ბი ემ“-მა 3.1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს, ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული.
  • შპს „Weekend“-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა.
  • შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტარქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული.

“კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი”,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

სულ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა TI-ში მიიჩნევენ, რომ გამარტივებული შესყიდვების ღირებულება, სავარაუდოდ, უფრო მეტია, რადგან ზოგიერთი სახელმწიფო უწყება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყებები. “აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს”,-ამბობენ TI-ში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციითვე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა – 24.4 მლნ ლარი ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა. შემდეგ მოდის სასტუმროების მომსახურების შეძენა 23.6 მლნ ლარით. პანდემიით გამოწვეული შესყიდვების აუცილებლობიდან ასევე აღსანიშნავია საკვებ პროდუქტებზე და სასმელებზე დახარჯული 15.3 მლნ ლარი და სანიტარულ მომსახურებაზე და ჰიგიენურ საშუალებებზე დახარჯული 1.4 მლნ ლარი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო შესყიდვების სააგენტოს მოუწოდებს, გაამკაცროს გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვების გაცემა. ამას გარდა, აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებისგან სახელისუფლებლო პარტიისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულობების იდენტიფიცირების საკითხს. TI რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მეტი ყურადღება მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.