აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში იღებენ განათლებას, მოუწევთ ქვეყნის დატოვება, თუ მათი უნივერსიტეტები მთლიანად ონლაინ-სწავლებაზე გადავლენ. CNN-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ (ICE) გაავრცელა.
ორშაბათს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ICE აცხადებს, რომ გარკვეული კატეგორიების ვიზების მქონე სტუდენტები, ვინც სრულიად ონლაინ-სწავლებაზე არაა გადასული, შეიძლება, რომ ქვეყანაშ დარჩეს, თუმცა აღნიშნავს, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ მისცემს ვიზებს სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრისთვის მთლიანად ონლაინ-სწავლებაზე იქნებიან გადასულები, ხოლო ICE არ მისცემს მათ აშშ-ში შემოსვლის უფლებას“.
ამერიკის განათლების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბრედ ფანსუორთის თქმით, გადაწყვეტილება მისთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის მოულოდნელი იყო. იგი აღნიშნავს, რომ საკითხავია ისიც, თუ რა მოხდება შემოდგომაზე ეპიდვითარების გაუარესებისა და კვლავ ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში.
ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის იმიგრაციის პროგრამის დირექტორის, ტერეზა კარდინალ ბრაუნის თქმით, „უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ზოგ ქვეყანას მოგზაურობაზე შეზღუდვები აქვს და [სტუდენტებს] არ შეუძლიათ სახლში დაბრუნება. მაშინ რა უნდა ქნან? ეს ბევრი სტუდენტისთვის თავსატეხია“, — ამბობს იგი.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი სასწავლო დაწესებულება (მათ შორის საქართველოს ყველა უნივერსიტეტი და სკოლა) დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
