ახალი ამბები

დოლიძის თქმით, ბინა, სადაც დედა ცხოვრობდა, გაქურდეს

5 ივლისი, 2020 • 1467
დოლიძის თქმით, ბინა, სადაც დედა ცხოვრობდა, გაქურდეს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ბინა, სადაც მისი დედა ცხოვრობდა, გაქურდეს.

ნეტგაზეთთან საუბარში დოლიძე ყვება, რომ ბინიდან რამდენიმე ოქროს სამკაული წაიღეს. თუმცა, თავად გაქრუდვის ფაქტი ბევრ კითხვას აჩენს.

„მე სპეკულაციებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ ფაქტების შესახებ ვისაუბრებ. ეს არის პენსიონერი ქალი, რომელიც ცხოვრობს 1-ოთახიან ბინაში. ბინა არის ჩემი ნაყიდი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ჩემზე და ასევე მითითებულია ჩემს დეკლარაციაში.

შესაბამისად, ბევრი კითხვის ნიშანია აქ. უპირველესად კი – რისი პოვნის იმედი ჰქონდათ, როდესაც შედიოდნენ მარტო მცხოვრები ასაკოვანი ქალის ერთოთახიან ბინაში გარეუბანში?,“ – ამბობს დოლიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე თქმით, „გადაქექილი და გადატრიალებულია მთელი სახლი, წარებულია რამდენიმე ოქროს სამკაული“.

„გამოვრიცხავ, რომ არ იცოდნენ, რომ ეს ჩემი ბინა იყო. ყველამ ყველაფერი იცის ამ ქალაქში. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ამ სახლში და ამ კორპუსშიც ყველამ იცის, რომ დედაჩემი ცხოვრობს. საჯაროდაც კი რეგისტრირებულია,“ – განმარტავს დოლიძე და ამატებს, რომ სახლში უკვე იყვნენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც ბინაში შეღწევის გზით ქურდობას გულისხმობს, რამაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი