ახალი ამბები

მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, თუმცა კვოტირება მაინც არ არის მისაღები – ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 • 1443
მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, თუმცა კვოტირება მაინც არ არის მისაღები – ხაზარაძე

“მამუკა ხაზარაძე მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას კვოტირების შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ კვოტირება ერთგვარი დისკრიმინაციაა და სამომავლოდ ქართველი ქალი კონკრეტული ნიშის გარეშე დაიკავებს სრულფასოვან ადგილს საზოგადოებაში” – აღნიშნულია პარტია “ლელოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც პარტიის კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ქალ წევრებთან ხაზარაძის შეხვედრას ეხება.

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე”, – აღნიშნა ხაზარაძემ საკითხის კომენტირებისას.

მისი თქმით, “ლელო” საზოგადოებაში ქალთა ინტეგრაციაზეა ორიენტირებული.

” “ლელო” არის პრინციპულად ახალი ძალა, ახალი ხედვა და ფერი, რომელიც მზესთან და იმედთან არის ასოცირებული, ვერ წარმოგვიდგენია, რომ მომავალი თაობა და საზოგადოება არ იყოს ბედნიერი ამ ქვეყანაში. ბედნიერების საწყისი კი არის ქალი.

ერთხელ და სამუდამოდ, ქალის მდგომარეობა რადიკალურად უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს საქართველოში. ამაში იგულისხმება ყველაფერი – როგორც თანასწორუფლებიანობა, ასევე მეტი ქალი პოლიტიკასა და საზოგადო საქმიანობაში”, – განაცხადა მან და დაამატა:

“მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენს პარტიაში შინაგანად მაინც ერთ აზრზე ვართ, რომ კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ეს უკვე დისკრიმინაციაა, როდესაც ქალს შეუძლია მართოს ისეთი დიდი საქმეები , რასაც მართავენ და მე ეს ვიცი ჩემი და ბადრის გაკეთებული ბიზნესიდან.  იქ ქალები იყვენენ შეუცვლელები.

აი, ამ პრინციპით უნდა მოდიოდნენ სათავეებში ჩვენი ქალბატონები და არა დაყოფისა​ და კვოტირების გზით, თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ ამ მხრივ, აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში”.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა უმეტესობა პარლამენტში გენდერულ კვოტირებას მხარს უჭერს.

“საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება ყოველი მეოთხე, როგორც მინიმუმ, განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე პროპორციულ სიაში ეს იქნება ყოველი მეორე. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებულ სქესზე”, – უთხრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიას 1-ელ ივლისს.

მისი თქმით, გენდერული კვოტირების კანონპროექტის ჩაგდება 2018 წელს მოხდა იმიტომ, რომ მაშინ ეს კანონპროექტი განსხვავებული ფორმით იყო წარმოდგენილი, თუმცა ამჟამინდელ მოდელით შემუშავებულ ამ საკითხს თითქმის მთელი უმრავლესობა უჭერს მხარს.

“ოცნების” უმრავლესობა კვოტირებას მხარს დაუჭერს – მდინარაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი