ახალი ამბები

“ოცნების” უმრავლესობა კვოტირებას მხარს დაუჭერს – მდინარაძე

1 ივლისი, 2020 • 1381
“ოცნების” უმრავლესობა კვოტირებას მხარს დაუჭერს – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიის ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მდინარაძემ სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება ყოველი მეოთხე, როგორც მინიმუმ, განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე პროპორციულ სიაში ეს იქნება ყოველი მეორე. მე ფვიქრობ, რომ ესეც არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებულ სქესზე. ამ შემთხვევაში საუბარია ქალებზე, მაგრამ თუ ვინმეს მოუნდება, მაგალითად, ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ის პარტია ვალდებული იქნება, ყოველი მეოთხე საპარლამენტი სიაში მოახვედროს მამაკაცი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, გენდერული კვოტირების კანონპროექტის ჩაგდება 2018 წელს მოხდა იმიტომ, რომ მაშინ ეს კანონპროექტი განსხვავებული ფორმით იყო წარმოდეგნილი, თუმცა ამჟამინდელ მოდელით შემუშავებულ ამ საკითხს თითქმის მთელი უმრავლესობა უჭერს მხარს.


საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 23 მარტს კვოტირების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო – მას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, კვორუმი კი 75 იყო.

მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფაქტი “გარკვეულ დეტალებთან” დაკავშირებით შეუთანხმებლობით ახსნა.

კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვავებული სქესის ყოფილიყო, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ იყო ინიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი