ახალი ამბები

ევსაქები მთავრობას მოუწოდებენ, კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენები დაუყოვნებლივ აღდგეს

3 ივლისი, 2020 • 1345
ევსაქები მთავრობას მოუწოდებენ, კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენები დაუყოვნებლივ აღდგეს

“ევროპული საქართველო” მთავრობას მოუწოდებ,ს კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან რეგულარული ფრენები დაუყოვნებლივ აღადგინოს. როგორც დღეს, 3 ივლისს, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან ფრენების აღდგენის სექტემბრამდე გადადების შესაძლებლობას განიხილავს.

“ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთანაც კი, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, არ აღდგეს არც აგვისტოში და არც სექტემბერში. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას და რეგულარული ფრენები არ აღდგება დაუყოვნებლივ, სრულიად შესაძლებელია, რომ სამი მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოდის და რომელზეც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილია, სრულიად დაიკარგოს”, – ამბობს კანდელაკი.

გიორგი კანდელაკი ასევე საუბრობს ვიზიარზე და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა ავიაკომპანიამ საქართველოში ბაზა გააუქმა  და ფრენები გაურკვეველი ვადით გადადო, 3 ივლისს ახალი ბაზა უკრაინაში გახსნა. ამ ფაქტს კანდელაკი უკავშირებს მთავრობის მიერ რეგულარული ფრენების აღდგენის, სულ მცირე, ერთი თვით გადავადებას.

“ზიანის შესამცირებლად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან, სადაც ეპიდსიტუაცია შეფასებულია როგორც კარგი – მაგალითად, ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, დანიასთან და ა.შ.”,-აცხადებს კანდელაკი.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უნგრულმა ავიაკომპანიამ ქუთაისში არსებული ბაზის ოპერაციები დროებით შეაჩერა. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბაზა არ დაუხურავთ, თუმცა ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავები უკვე რამდენიმე თვეა სხვა ქვეყანაშია გადაყვანილი.

ზოგიერთი ქვეყნის მიერ საზღვრების გახსნის მიუხედავად, უცნობია, როდის აღდგება რეგულარული ფრენები საქართველოში. საქართველოს მთავრობის თავდაპირველი გეგმით, რეგულრაული ფრენები კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების ნაწილთან ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა შეიცვალა და ფრენების აღდგენა აგვისტომდე გადავადდა. ამის პარალელურად ივლისში დაინიშნა ჩარტერული ფრენები რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ასრულებს. ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვერ აზუსტებს, აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით აგვისტოდან. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ჩარტერული რეისების კომპონენტს ვიზეარიც შეიძლება დაემატოს, რომელიც უფრო დაბალფასიან ბილეთებს ყიდის. მთავრობა რეგულარული ფრენების აღდგენის გადავადებას კორონავირუსის გავრცელების საფრთხეები ხსნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი