ახალი ამბები

შვეიცარია საქართველოს საზღვარს 20 ივლისიდან გაუხსნის

2 ივლისი, 2020 • 2224
შვეიცარია საქართველოს საზღვარს 20 ივლისიდან გაუხსნის

შვეიცარიის კონფედერაცია ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნებად მიჩნეულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, 20 ივლისიდან საზღვარს გაუხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ The local და Schengenvisainfo ავრცელებენ.

თუმცა შვეიცარია არ აპირებს საზღვრები გახსნას სერბეთთან, რომელიც ასევე უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული. ამასთან ერთად, შეიძლება კვლავ დახუროს საზღვარი ჩინეთთან, რომელიც ჯერჯერობით არ აძლევს საშუალებას შვეიცარიის მოქალაქეებს, მის ტერიტორიაზე შევიდნენ.

„20 ივლისს იუსტიციის ფედერალური დეპარტამენტი და პოლიცია აპირებენ ამოიღონ ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მოროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში (ბულგარეთი, ირლანდია, ხორვატია, რუმინეთი და კვიპროსი) მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალიდან“, — ციტირებს გამოცემა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრეს-რელიზს.

ამასთან, შვეიცარია ზოგიერთი რეგიონიდან ჩასულ სტუმრებს სავალდებულო კარანტინში მოაქცევს. ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებიც კარანტინს დაექვემდებარებიან, პერიოდულად განახლდება.

გაიგეთ, ევროპის რომელმა ქვეყნებმა გაუხსნეს უკვე საქართველოს საზღვრები:

ვინ (არ) უხსნის საზღვარს საქართველოს

მასალების გადაბეჭდვის წესი