ახალი ამბები

იტალიამ საქართველოსთან საზღვარი გახსნა

2 ივლისი, 2020 • 1981
იტალიამ საქართველოსთან საზღვარი გახსნა

იტალიამ საქართველოსთან პირველი ივლისიდან საზღვარი გახსნა. შესაბამის ბრძანებას, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოაწერა ხელი.

თუმცა, ამასთან ერთად, ყველა იმ ქვეყნიდან, რომელიც არაა ევროკავშირის წევრი, მათ შორის საქართველოდან ჩასულებს სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. მაგრამ გათვალისწინებულია გარკვეული გამონაკლისებიც: სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის.

„იტალია ირჩევს საღი აზროვნების ხაზს და ინარჩუნებს შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო იზოლაციას. ეს ზომა აგრეთვე ეხება იმ 14 ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც ევროკავშირის „მწვანე სიაში“ არიან და რომლებთანაც ხვალიდან თავისუფლად შეგვიძლია მოძრაობა“, — ვკითხულობთ ბრძანებაში.

ამგვარად, იტალია ხსნის საზღვარს ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნებად შეფასებული სახელმწიფოებისთვის და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

მეტი ინფორმაციისთვის, საელჩოს რეკომენდაციით, იხილეთ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ხშირად დასმული კითხვების“ სექცია.

ზოგიერთი ქვეყნის მიერ საზღვრების გახსნის მიუხედავად, უცნობია, როდის აღდგება რეგულარული ფრენები საქართველოში. საქართველოს მთავრობის თავდაპირველი გეგმით, რეგულრაული ფრენები კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების ნაწილთან ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა შეიცვალა და ფრენების აღდგენა აგვისტომდე გადავადდა. ამის პარალელურად ივლისში დაინიშნა ჩარტერული ფრენები რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ასრულებს. ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვერ აზუსტებს, აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით აგვისტოდან. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ჩარტერული რეისების კომპონენტს ვიზეარიც დაემატოს, რომელიც უფრო დაბალფასიან ბილეთებს ყიდის.

ამავე თემაზე გირჩევთ. ნახეთ, კიდევ რომელმა ევროპულმა ქვეყნებმა გახსნეს უკვე საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის:

ვინ (არ) უხსნის საზღვარს საქართველოს

მასალების გადაბეჭდვის წესი