ახალი ამბები

რთული წელი ყურძნისთვის და “პოზიტიური მოლოდინი” თხილზე

2 ივლისი, 2020 • 1322
რთული წელი ყურძნისთვის და “პოზიტიური მოლოდინი” თხილზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ წელს ღვინის ინდუსტრიისთვის რთული წელი იქნება. როგორც ცნობილია, სახელმწიფო 2020 წელს რქაწითელის ჯიშის ყურძენს დაახლოებით 60 მილიონი ლარით გაუწევს სუბსიდირებას.

მინისტრი განმარტებით, მცირე მოთხოვნისა და ჭარბი მოსავლის პირობებში, მთავრობამ ფერმერები პრობლემის წინაშე “მარტო არ დატოვა”. ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენი იქნება რქაწითელის სუბსიდირებული ფასი, დავითაშვილი გვპასუხობს, რომ ეს რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. სამინისტრო წელს 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება, ამის მიუხედავად,  დავითაშვილი აცხადებს, რომ “არცერთ ფერმერს მოსავლის ჩაბარების პრობლემა არ ექნება”.

“არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ ღვინის ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული იქნება წლევანდელი სეზონი. წელს ყურძნის სუბსიდირება გვიწევს და სახელმწიფოს მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რათა ფერმერები პრობლემების წინაშე მარტო არ აღმოჩნდნენ. გვესმის, რომ შემცირებულია მოთხოვნა. მცირე მოთხოვნისა და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში, სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები ფერმერების ინტერესების დასაცავად”, – ამბობს დავითაშვილი.

ყურძნისგან განსხვავებით, სამინისტროს პოზიტიური მოლოდინები აქვს მეთხილეობის დარგში. ლევან დავითაშვილის თქმით, Covid-19-ის პირობებშიც კი თხილზე მოთხოვნა არსებობს.

“[მსოფლიოში] თხილზე მოთხოვნა საკმაოდ ჯანსაღია მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-მა ბევრ სექტორზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მოლოდინი გვაქვს, რომ 2020 წლის თხილის მოსავალი კარგი იქნება. ასევე იქნება კარგი ფასიც, რადგან, როგორც ვხედავთ, 2019 წლის რეკორდული მოსავალი შესაძლოა არ განმეორდეს… თხილის სექტორში ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. რაც შეეხება დაბინავების საკითხს, ჩვენ შესაძლოა მოვუაროთ მოსავალს და ხარისხიანი პროდუქტი მივიღოთ, თუმცა, თუ სწორად არ დაბინავდა თხილის მოსავალი, შესაძლოა ხარისხი დაიკარგოს. საშრობ-შემნახველი ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, არ არსებობდა და დღეს ქვეყანაში უკვე რამდენიმე ასეთი მეურნეობაა,” -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი