ახალი ამბები

პატიმარზე ძალადობისთვის ციხის საავადმყოფოს ყოფილ უფროსს ბრალი წარუდგინეს

2 ივლისი, 2020 • 1115
პატიმარზე ძალადობისთვის ციხის საავადმყოფოს ყოფილ უფროსს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულ ალექსანდრე მანუკიანის საქმეზე პატიმართა სამკურნალო დაწესების ყოფილ დირექტორს ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება პატიმრის საქმეს, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ 2019 წელს სტრასბურგში დავა მოიგო.

გამოძიების თანახმად, 2008 წლის 18 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულ ალექსანდრე მანუკიანს  სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც, მისი აზრით, არასათანადო მკურნალობა გაუწია.

მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში.

პროკურატურა ამბობს, რომ იმის შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ დაწესებულების აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა გაიგო:

„ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანა, მისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში, სადაც დირექტორის უშუალო მონაწილეობით დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ ფიზიკურად, მათ შორის, სხვადასხვა საგნის გამოყენებით. შედეგად, ალექსანდრე მანუკიანს მიადგა ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა“.

პროკურატურის თქმით, დირექტორს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ „ე“  და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს.

„აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ა.მ. საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

გარდა ამისა, იგი ბრალდებულია არაერთ მძიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში და მოცემული ეტაპისთვის მის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და იმყოფება ძებნაში, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით, მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება“, – წერს პროკურატურა.

მოცემული ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს 29 სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებასა და, შესაბამისად, გამოძიების მსვლელობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი