ახალი ამბები

“კავკასიის” ანგარიშს ინკასო დაედო – ჯანგირაშვილი

2 ივლისი, 2020 • 1247
“კავკასიის” ანგარიშს ინკასო დაედო – ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა კომპანიის ანგარიშებს ინკასო დაადო. სახელმწიფოს წინაშე მაუწყებელს 29000-ლარიანი დავალიანება აქვს და, როგორც ჯანგირაშვილი წერს, ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნითაც მიმართა, რაზეც სახელმწიფო უწყებისაგან უარი მიიღო.

“მადლობა, ჩემო ძვირფასო სახელმწიფო: ინკასო კავკასიის ანგარიშზე. დავალიანება 29 000 ლარი. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე უარყოფილია. სამაგიეროდ, იმედის და რუსთავის 2–ის 55 მილიონი გადანაწილებულია 5 წელზე. ქოცი მავნებელია. ჯამი ჭურჭელია”, – წერს ჯანგირაშვილი.

ინკასო გამოიყენება მაშინ, თუ გადამხდელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

ნეტგაზეთი შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, უწყება ამ საკითხზე ინფორმაციას გაავრცელებს.

“კავკასიას” შემოსავლების სამსახურმა ინკასო 2019 წლის დეკემბერშიც დაადო. მის გარდა მიმდინარე დავალიანებების გამო ინკასო დაედო “ტვ პირველის”, ერთ რეგიონულ მაუწყებლისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს. მანამდე ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიისა და ტვ პირველის და სხვების შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია ტელეკომპანია იმედზე, მაესტროსა და რ2-ზე, რომლებსაც ჯამურად ათეულობით მილიონლარიანი ძველი დავალიანება დაუგროვდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი