ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მიდის

1 ივლისი, 2020 • 1424
აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მიდის

მარიანა კოტოვა სოხუმიდან


რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში, რომელიც დღეს, პირველ ივლისს ტარდება, რუსეთის პასპორტების მქონე აფხაზეთის მოსახლეობაც მონაწილეობს.

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მონაცემებით, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად კენჭისყრაში მონაწილეობა აფხაზეთში 140 000 ათას აფხაზს შეუძლია [მთელი აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი]. ოფიციალური ცნობითვე, ამ დროისთვის [15:00] 1300-მდე მოქალაქემ მისცა ხმა. 

ხმის მიცემა სოხუმში რუსეთის საელჩოში მიმდინარეობს. დილის 8:00 საათიდან აქ უკვე შეკრებილი იყო ხალხი, ძირითადად, რუსული სამხედრო ბაზის თანამშრომლები და სოხუმელი პენსიონერები, რომლებმაც აღიარეს, რომ ადრევე უნდოდათ მისვლა, სანამ სოხუმში მოსახლეობას რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანდნენ ხმის მისაცემად. 

“მე საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე ვარ, რადგან ერთ-ერთი ცვლილება პენსიების გაზრდას ითვალისწინებს. მე ახლა მხოლოდ ჩემი პენსია მაინტერესებს. 25 წელი ვიმუშავე და 10 000 რუბლი [დაახლოებით, 140 აშშ დოლარი] მაქვს. ეს კაპიკებია და იმედი მაქვს, ცვლილებების შემდეგ პენსიაც გაიზრდება”, – გვეუბნება აფხაზი პენსიონერი, რომელიც კენჭისყრის რიგში დგას.

კითხვაზე, რატომ არის აუცილებელი პენსიის გასაზრდელად კონსტიტუციაში ცვლილებები, ქალს პასუხი არ აქვს:

“თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებებია საჭირო, ე.ი. საჭიროა”, – ამბობს პენსიონერი.

ახალგაზრდებს განსხვავებული ხედვა აქვთ ამ საკითხზე.

“ეს კენჭისყრა აბსოლუტური ფიქციაა. ვფიქრობ, ცვლილებები რეფერენდუმზე უნდა გაეტანათ და ყველა საკითხზე ცალ-ცალკე უნდა ეყარათ კენჭი. საერთო ჩამონათვალში რეალურად ჯანსაღი წინადადებებიცაა, მაგრამ მათ ერთი მთავარი ცვლილება შთანთქავს – ის, რაც პუტინის პრეზინდეტობის ვადებს ანულებს. ჩემი აზრით, ყველაფერი ეს გაკეთდა მხოლოდ ერთი მიზნით, განულდეს საპრეზიდენტო ვადა და პუტინმა 2036 წლამდე შეინარჩუნოს პოსტი. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია, ყველა დემოკრატიული ნორმისა და საფუძვლების დარღვევა. დღეს კენჭისყრაზე გამოტანილი ცვლილებებით კონსტიტუცია უკვე დაბეჭდილია და იყიდება რუსეთში. 

რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, ამაზე ბევრი არაფერია დამოკიდებული, ციფრების დასმა ყოველთვის შეიძლება, მთავარია ის არ მოხდეს, რომ ერთი კაციც აღარ დარჩეს, ვინც ხმას ამოიღებს ვინმეს დასაცავად”, – ამბობს სოხუმელი ჟურნალისტი ელეონორა გილოიანი.

კითხვაზე, რატომ მივიდა ხმის მისაცემად, გვპასუხობს: “ჩვენ უნდა მივცეთ ხმა იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ასე თუ ისე რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პროცესების ნაწილი უნდა ვიყოთ. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთში ვსწავლობთ, ვმკურნალობთ, ვისვენებთ. რუსეთის მხარდაჭერით ვართ ბოლო 13 წელია”.

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ხმას აძლევს რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს; ფოტო: აპსნიპრესი

140 ათას ადამიანს შორის არიან ისეთებიც, ვინც არ მონაწილეობს ხმის მიცემის პროცესში, რასაც იმით ხსნიან, რომ მათი აზრი, მაინც ვერაფერს შეცვლიან. 

“რიგში სიცხეში დგომა ნამდვილად არ მინდა იმისთვის, რაც უკვე ჩვენამდეც გადაწყვეტილია”, – გვეუბნება პავლე კაკალია, სოხუმის მკვიდრი.

რუსტამ ზანთარია, რომელიც ასევე ფლობს რუსეთის მოქალაქეობას, ამბობს, რომ თავს რუსეთის მოქალაქედ არ მიიჩნევს. 

“პირველ რიგში, მე აფხაზეთის მოქალაქე ვარ. აქამდეც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რაც ჩემს სახლში ხდება. რუსებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები”. 

ხმის მიცემის პროცედურა საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. ოფიციალური ცნობითვე, ხმებს უკვე რუსეთის ტერიტორიაზე დაითვლიან.

რუსეთის ერთ-ერთი საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2024 წელსაც შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი