ახალი ამბები

Wizz Air ქუთაისის ბაზას არ ხურავს, თუმცა ოპერაციებს დროებით აჩერებს

1 ივლისი, 2020 • 1377
Wizz Air ქუთაისის ბაზას არ ხურავს, თუმცა ოპერაციებს დროებით აჩერებს

ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას არ ხურავს, თუმცა ოპერაციებს დროებით აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა, ანდრაშ რადომ, ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას. ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი გეგმა მის დახურვაზე, ჩვენ უბრალოდ ოპერაციებს ვაჩერებთ”, – აღნიშნა მან.

სამივე ლაინერი, რომლებიც ქუთაისში იყო ბაზირებული, ამჟამად სხვა ბაზებზეა განლაგებული.

როგორც კომპანიაში ამბობენ, საოპერაციო საქმიანობა აღდგება მაშინ, როცა Wiz Air მთავრობის დადგენილებას მიიღებს რეგულარული ფრენების აღდგენის თაობაზე.

ანდრას რადომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის ბაზაზე დასაქმებული ადამიანები ჩვეულებრივ მიიღებენ ხელფასებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადგილმონაცვლეობა გადაწყდა, თანამშრომლებისთვის სამსახურის მოძებნას კომპანიის სხვა ბაზებზე შეეცდებიან.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი ბიუჯეტური ავიაკომპანია “ვიზეარის” ბაზის  ქუთაისის აეროპორტში განთავსების შესახებ 2016 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი. ეს “ვიზეარის” 24-ე ბაზაა.

“მნიშვნელობა არ აქვს, “ვიზეარის” თვითმფრინავი ქუთაისში დადგება თუ სხვაგან” – თურნავა

მასალების გადაბეჭდვის წესი