ახალი ამბები

პრაღაში COVID-19-ს საზეიმო სუფრით “დაემშვიდობნენ”

1 ივლისი, 2020 • 1708
პრაღაში COVID-19-ს საზეიმო სუფრით “დაემშვიდობნენ”

COVID-19-ის პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ამ ფაქტს ჩეხეთის მოქალაქეებისთვის ხელი არ შეუშლია, ვირუსისთვის “სიმბოლური გამომშვიდობება” გიგანტური სუფრით მოეწყოთ. ღონისძიების ორგანიზატორი პრაღის ერთ-ერთი კაფეს მფლობელი იყო.

BBC-ის თანახმად, პრაღის ცენტრში, კარლის ხიდზე, 500-მეტრიანი მაგიდა გაიშალა, სადაც ადამიანებმა სახლებიდან მიტანილი საკვები და სასმელები გაინაწილეს. საზეიმო ღონისძიება სოციალური დისტანციის გარეშე ჩატარდა.

ორგანიზატორის თქმით, ღონისძიების მოწყობა ქალაქში შესაძლებლად მიიჩნიეს, ტურისტების ნაკლებობიდან გამომდინარე.

“ვირუსთან გამოსამშვიდობებელი” ზეიმი პრაღაში. ფოტო: EPA/MARTIN DIVISEK

“გვინდა, კორონავირუსის კრიზისის დასრულება აღვნიშნოთ იმით, რომ ხალხს ერთმანეთთან შეხვედრის ნებართვა მივცეთ და ვაჩვენოთ, რომ მათ ამის არ ეშინიათ… არ ეშინიათ იმის, რომ მათი მეზობლებისაგან სენდვიჩის ნაჭერი აიღონ”, – აღნიშნავს სუფრის ორგანიზატორი. მედიის თანახმად, ზეიმის დაწყებამდე მოქალაქეებმა ადგილები სრულად დაჯავშნეს.

ჩეხეთმა შეზღუდვები კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე აამოქმედა. გასულ კვირას კი, აკრძალვების შემსუბუქების ფარგლებში, მთავრობამ შეკრებების ლიმიტი 1 000 ადამიანამდე გაზარდა. საცურაო აუზები, მუზეუმები, ზოოპარკები და სხვა დაწესებულებები შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირებს.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჯამში, COVID-19-ის 12 000 შემთხვევა აღრიცხეს. პანდემიას 350 ადამიანი შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი