ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ გაიყვეს ახალმა ლიდერებმა გავლენის სფეროები აფხაზეთში

1 ივლისი, 2020 • 2662
როგორ გაიყვეს ახალმა ლიდერებმა გავლენის სფეროები აფხაზეთში

ავტორი: ზურა წურწუმია, მკვლევარი


ბჟანიას პრეზიდენტობა პოლიტიკოსისთვის ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ დროს, არახელსაყრელ პირობებში დაიწყო. ერთმანეთს დაემთხვა, ერთი მხრივ, წლების განმავლობაში დაგროვებული, ასევე – ახალი, სოხუმისგან სრულიად დამოუკიდებლად გაჩენილი პრობლემები. 

ხაჯიმბას ხუთწლიანი მმართველობა კრიმინალის ზრდითა და ეკონომიკური უპერსპექტივობით ხასიათდებოდა. ბუნებრივია, დისკრედიტირებული ხელისუფლების პირობებში იზრდება ოპოზიციისადმი მოთხოვნა და მოლოდინებიც.

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ბჟანია ამგვარი მხარდაჭერით 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას გეგმავდა, მაგრამ გასული წლის აპრილში მისმა მოწამლვამ მოქმედების გეგმებში კორექტივების შეტანა განაპირობა. ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ბჟანიას კვიწინიათი ჩანაცვლება არ იგულისხმება. უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების მეორე ტურის წინ გამოიკვეთა: ოპოზიცია იძულებული გახდა ანქვაბთან თანამშრომლობაზე წასულიყო.

გასული წლის 8 სექტემბერის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ კავშირმა ოპოზიციას გამარჯვება ვერ მოუტანა, მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა ანქვაბმა, რომელიც იმ დროს პარლამენტის წევრის სტატუსს იყო შეგუებული, „დიდ პოლიტიკაში“ დაბრუნება მოახერხა. თანაც ისე, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის, ფასი ერთი-ორად გაიზარდა: მისი თანხმობა/მხარდაჭერის გარეშე მომავალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლა თითქმის გამოირიცხა. 

ანქვაბთან თანამშრომლობა პოლიტიკურ აუცილებლობად მაშინაც დარჩა, როდესაც 2020 წლის იანვარში ხაჯიმბა საპროტესტო გამოსვლების ფონზე თანამდებობიდან გადადგა, ხოლო ოპოზიციის უპირობო ლიდერ ბჟანიასთვის საპრეზიდენტო არჩევნები თითქმის ფორმალობად იყო ქცეული.

ბჟანიამ ხელისუფლებაში მარტო თავის გუნდთან ერთად მოსვლა ვერ შეძლო.

ამჟამინდელ აფხაზეთის ხელისუფლებაში ძალაუფლების ორი ცენტრია. სწორედ ეს რეალობაა ის ახალი პრობლემა, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიასთვის, არამედ აფხაზური საზოგადოებისთვისაც.

სოხუმში აქამდე მოქმედი ყველა ხელისუფლება მკვეთრად იერარქიული იყო: გამოკვეთილი ლიდერითა და გუნდით. მოქმედი ხელისუფლება კი არც ერთი გუნდია და არცერთ ლიდერს ემორჩილება.

მმართველობის საწყის ეტაპზე ბჟანია-ანქვაბის ტანდემი მხოლოდ თანამშროლმობის მაგალითებს იძლევა. ჯერჯერობით არცერთი საკადრო ცვლილებისას არ ყოფილა საუბარი ამ ორ ლიდერს შორის დაპირისპირებაზე. უფრო მეტიც, ისე ჩანს, რომ მათ სამოქმედო სფეროები გაიყვეს, სადაც თავიანთი გუნდის წევრებს აწინაურებენ.

მაგალითად, ბჟანიას მომხრეებიდან ალხაზ კვიწინია (ბჟანიას არყოფნაში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი) პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, ბესლან ეშბა (ორგანიზაცია „აფსადგილის“ ლიდერი, კვიწინიას მიერ პრემიერ-მინისტრად დასახელებული) – სოხუმის მერად. ეშბას მოადგილედ „ამცხარას“ ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ სურმანიძე დაინიშნა. ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თეიმურაზ ხიშბა ტურიზმის მინისტრად დაინიშნა. 1986 წელს თბილისში დაბადებული ხიშბა აფხაზური მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრია. გაგრის, გუდაუთის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში ახალი გამგებლები დაინიშნენ. გალისა და გულირიფშის რაიონების მეთაურებმა თანამდებობი შეინარჩუნეს.

ეს საკადრო ცვლილებები სრულიად ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ამ, პოლიტიკურად მეორეხარისხოვან თანამდებობებზე ბჟანიას გავლენები იგრძნობა. მთავარი სფერო კი, რაშიც ბჟანიასგან ცვლილებებს მოითხოვენ და რაც ხელისუფლებისთვის უფრო კრიტიკულს წარმოადგენს, არის ძალოვანი სტრუქტურები. ამ მიმართულებით კი საკვანძო შინაგან საქმეთა სამინისტროა და ამ პოსტზე ასევე ბჟანიას გუნდის წევრი დიმიტრი დბარი დაინიშნა.

დბარის მინისტრობა დემონსტრაციული და პოპულარული ნაბიჯებით დაიწყო: ციხის ინსპექტირება, იარაღის ფლობის კონტროლზე აყვანა, 2019 წლის ნოემბერში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების სავარაუდო მკვლელების დაკავება. მედიისა და საზოგადოებისთვის საჩვენებელი ნაბიჯების პარალელურად შეიცვალა შსს-ს რაიონული დეპარტამენტების ხელმძღვანელობა გაგრაში, გალში, გუდაუთაში, გულირიფშსა და სოხუმში. დბარის სახით ბჟანიამ მიიღო ენერგიული მინისტრი, რომელიც, ერთი მხრივ, საკადრო ცვლილებებით ხელისუფლების საყრდენ ძალოვან სისტემას ქმნის, მეორე მხრივ, დაიწყო მოქალაქეთა იმედების გამართლება. თვისებრივად, დბარის მოქმედებები ჯერჯერობით რაიმე რადიკალური ცვლილებების მომასწავებელი არ არის.

გავლენები ციხეში, მარიხუანა – რას ებრძვის ახალი აფხაზი მინისტრი

კრიმინალთან ბრძოლა მან დაიწყო იმ კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ, რომლებმაც ხაჯიმბას წასვლის შემდეგ სახელისუფლებო მფარველობა დაკარგეს და არ წარმოადგენენ რეალურ ძალას. დბარისა და ბჟანიას იმიჯი, როგორც კრიმინალთან მებრძოლებისა, პირველ გამოცდას გაივლის მაშინ, როდესაც დანაშაულში შემჩნეული იქნებიან უკვე თავიანთი კლანის, წრის ადამიანები.

ეს კრიტიკული ვითარება ამავე დროს ტესტი იქნება აფხაზური საზოგადოებისთვის: მას რეალურად სურს კრიმინალის აღკვეთა, თუ პრობლემა სინამდვილეში ერთ კრიმინალურ ჯგუფს შეეხებოდა?

მეორე სფერო, სადაც ახალ ხელისუფლებაზე დიდ მოლოდინებს ამყარებენ, არის ეკონომიკა. ეს სფერო, როგორც ჩანს, ანქვაბის გავლენის ქვეშ მოექცა. კორონავირუსის გარეშეც, აფხაზური ეკონომიკა ლამის ფორმალობად და ფურცელზე დაწერილ ციფრებად იყო ქცეული. ვირუსის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა, ამავე დროს, რუსეთში დამძიმებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა, აფხაზეთს მთავარი ფინანსური შემოსავლები თითქმის ბოლომდე გადაუკეტა. ბანკების ATM აპარატებში ვალუტის უკმარისობა გაჩნდა, მაისის თვის ხელფასები და პენსიები დაგვიანებით გაიცა, ხოლო ივნის-ივლისზე ხელისუფლება საიმედო პროგნოზებს ვერ აკეთებს.

მთავარი საკადრო ცვლილება ეკონომიკის სამინისტროს შეეხო. თანამდებობაზე დაბრუნდა 2005-2011 წლებში ეკონომიკის მინისტრი, 2011-2014 წლებში კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილე – კრისტინა ოზგანი. ოზგანის პირველი ნაბიჯები, მსგავსად დბარისა, უფრო მეტად საჩვენებელი იყო.

მან დაიწყო რუსეთის 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ინპსექცია. შედგებები იდენტური იყო: შემოწმებული პროექტებიდან ყველამ შეუფერხებლად მიიღო დაფინანსება, მაგრამ ვერც ერთმა ჩააბარა პროექტი კონტრაქტით გათვალისწინებულ დროში. ოზგანი ამ ეტაპზე გაფრთხილებებით შემოიფარგლა, თუმცა მსგავსი დემოსნტრაციული ინსპექციები, სავრაუდოდ, ასევე დემონსტრაციულად დასჯილ მსხვერპლსაც მოითხოვს.

 პრობლემა, რომელიც აფხაზური მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და მის კურატორ პრემიერ- მინისტრს ეხებათ, მხოლოდ ვირუსით გამოწვეული ობიექტური რეალობა და კრიზისი არ არის. 2014 წელს ანქვაბის წინააღმდეგ გამოსული საზოგადოების მთავარი კითხვები კორუფციას ეხებოდა.

სხგაგვარად რომ ვთქვათ, კორუფციაში ეჭვმიტანილი გუნდი ახლა ისევ დაუბრუნდა თავისთვის ნაცნობ და კომფორტულ ადგილს, რომელსაც აფხაზეთისთვის სასიცოცხლო არხზე, რუსულ ფინანსებზე აქვს პირდაპირი წვდომა.

კრიმინალთან ბრძოლის მსგავსად, კორუფციასთან ბრძოლაც სწორედ მაშინ გაივლის გამოცდას, როდესაც შიდა წრის ადამიანებთან გაჩნდება კითხვები.

დამატებით პრობლემა შეიძლება შექმნას ნავთობის მოპოვების საკითხმა. ანქვაბი ცნობილია როგორც ამ იდეის მომხრე. 2014 წელს თანადებობიდან წასული კრისტინა ოზგანი კი იმ კომპანიებს ხელმძღვანელობდა (2014-2017 წლებში – აფსნი ოილი, 2017 წლიდან ეკონომიკის მინისტრობამდე – როსნეფტ აბხაზია), რომლებიც ნავთობის მოპოვებას ლობირებდნენ.აფხაზურ საოზგადოებაში, უპირველესად ეკოლოგიური მოტივებით. ნავთობის მოპოვება წინააღმდეგობრივი იდეაა. ამ მიმართულებით რიამე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კი შესაძლოა ახალი მთავრობის წინააღმდეგ პირველი პროტესტის მიზეზი გახდეს.

 ბჟანიას ხელისუფლებას ჯერჯერობით მსგავსი კრიტიკული ვითარება არ დასდგომია. როგორი იქნება ბჟანია ან ანქვაბის რეაქცია, როდესაც კრიზისი მათ სამოქმედო სფეროს შეეხება? ამ კითხვის გარდა, უფრო საინტერესოა ის, თუ როგორ მოიქცევან ისინი „კოლეგის“ სფეროში მოხდარი კრიზისის შეთხვევაში?

ანქვაბის პრეზიდენტობის ამბიციები 2014 წლის შემდეგ აფხაზურმა საზოგადოებამ და ასაკობრივმა ცენზმა დაასრულა. მაქსიმუმი თანამდებობა, რაზეც შეიძლება ჰქონოდა პრეტენზია, მან დაიკავა. თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში ობიექტური ფაქტორებით შეზღუდული ამბიციების მქონე პოლიტიკოსს, როგორც წესი, რუხი კარდინალობის ამბიცია უჩნდება. ერთმანეთის კონტროლი და ბალანსი – სავარაუდოდ, ეს იქნება ორივე ლიდერის უმთავრესი შიდაპოლიტიკური ამოცანა.

მთლიანობაში, ბჟანია-ანქვაბის ხელისუფლება უმწვავეს პრობლემებს უპირისპირდება, რომლის დაძლევის უნარი არა მხოლოდ პირადად მათ, ან გუნდს, არამედ – შესაძლოა, მოქმედ აფხაზურ პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნდეს.

მიუხედავად მთავრობაში რამდენიმე ახალგაზრდა მინისტრის დანიშვნისა, აფხაზური მთავრობა მაინც წარმოადგენს ძველ, ტრადიციულ პოლიტიკურ კლასს, რომელმაც ვერაფრით მოახერხა, ომში გამარჯვება სოციალურ და საზოგადოებრივ პროგრესად გარდაექმნა.

შესაძლოა, ბჟანია-ანქვაბის ხელისუფლება ომის ვეტერანი ბოლო აფხაზური ხელისუფლებაა. პრობლემების აქტიურად გადაჭრა საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს. ისევე როგორც – უმოქმედობა. ამიტომაც მომავალი ოთხი წელი აფხაზეთის მმართველებისთვის არა რაიმე წარმატების მიღწევის, არამედ კრიზისის თავიდან არიდების ამბიციით იქნება სავსე.

ასეთ პირობებში კი შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებაზე მეტად იმ ძალას ექნება გამარჯვების შანსი, რომელიც უფრო მეტად იქნება კრემლისგან მხარდაჭერილი და ამავე დროს გამოიყენებს აფხაზური საზოგადოების ოპოზიციურ განწყობებს.

აფხაზეთის ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლება კრემლთან კონფლიქტში არ იმყოფება. სურვილის შემთხვევაშიც კი ამის საშუალებაც არ აქვთ.

თუმცა გასული წლის პოლიტიკურმა პროცესებმა აჩვენეს, რომ ბჟანია კრემლისთვის ხაჯიმბას შემცვლელი მორიგი ფავორიტი არ ყოფილა.

იანვრის აქციები და მისი შედეგები, აფხაზური ოპოზიციის გარდა, კრემლისთვისაც მოულოდნელობა იყო. სრულად დისიკრედიტირებული ხაჯიმბას გადარჩენა უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ბჟანიამ მოსკოვში უკვე რამდენიმე ვიზიტი განახორციელა.

კრემლი ტრადიციულად აგრძელებს სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერას, მაგრამ პოლიტიკურ ველზე იგრძნობა, რომ მისი ახალი ფავორიტი შესაძლოა ინალ არძინბაა.

კრემლის აღზრდილი არძინბა აგრძელებს ახალგაზრდა, იმედისმომცემი აფხაზების აღმოჩენას და რუსეთში სასწავლებლად მათ გაშვებას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კრემლი და მისი ტრადიციული საყრდენი – არძინბას კლანი, ხაჯიმბას პროექტის წარუმატებლობის შემდეგ 4-წლიან პაუზას შიდა რეორგანიზებას მოახმარს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლება დაიბრუნონ. თუმცა, აქაც, ისევე როგორც აფხაზეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში, ყველაფერი დამოკიდებულია სტაბილურ კრემლზე, პუტინის ძალაუფლებასა და ახლა უკვე მის ჯანმრთელობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი