ახალი ამბები

ჩინეთი Covid-19-ის ექსპერიმენტულ ვაქცინას ჯარისთვის გამოიყენებს

1 ივლისი, 2020 • 1213
ჩინეთი Covid-19-ის ექსპერიმენტულ ვაქცინას ჯარისთვის გამოიყენებს

ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ ექსპერიმენტულ ვაქცინას ქვეყნის სამხედრო ნაწილისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ვაქცინა, სახელწოდებით Ad5-nCoV , პეკინის ბიოტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ჩინეთის მთავრობის სამხედრო სამედიცინო მეცნიერებების აკადემიის და კომპანია CanSino Biologics-ის საერთო ნამუშევარია.

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე კომპანია CanSino-მ განაცხადა, რომ ჩინეთის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ ვაქცინას სამხედრო პერსონალის გამოყენებისთვის საჭირო სპეციალური სტატუსი 25 ივნისს მიანიჭა. სპეციალური ნებართვა ერთი წლის განმავლობაში იქნება ვალიდური და მხოლოდ სამხედრო პერსონალს შეეხება.

ჩინეთი აცხადებს, რომ მათ სამხედრო ნაწილს კორონავირუსი არ შეხებია, თანამდებობის პირები კი ამტკიცებენ, რომ ჩინეთის არმიაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

აშშ-ის დამკვირვებლებს აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ და აღნიშნავენ, რომ “ხალხის თავისუფლების არმია” მსოფლიოს ყველაზე დიდ არმიებს შორისაა და სტატისტიკურად ნაკლები შანსია, რომ იქ არცერთი ადამიანი დაინფიცირებულიყო.

არც ჩინეთის მთავრობას და არც CanSino-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის ადამიანი მიიღებს ვაქცინას და იქნება თუ არა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

CNN-ის ცნობით, კომპანია CanSino-ს დაუკავშირდნენ, სადაც განუმარტეს, რომ ვაქცინის კლინიკურმა ცდებმა დადებითი შედეგი აჩვენა უსაფრთხოების მხრივ. გარდა ამისა, კომპანიაში განმარტეს, რომ Ad5-nCoV-ს აქვს პოტენციალი, SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეული ავადმყოფობების პრევენცია მოახდინოს.

CNN-ის ინფორმაციით, CanSino-მ მაისში განაცხადა, რომ კანადის მთავრობამ Ad5-nCoV ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაუშვა. კანადის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს პრეზიდენტმა კი მაშინ განაცხადა, რომ ვაქცინას დიდი პოტენციალი ჰქონდა.

ჩინეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოშვებაზე აქტიურად მუშაობს.

ამ დრომდე უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის, თუმცა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის თქმით, არსებობს გარკვეული იმედები, რომ წამალი კორონავირუსის წინააღმდეგ 2020 წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ამ დრომდე ფართო მოხმარებისთვის არცერთი ვაქცინა არ დამტკიცებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი