ახალი ამბები

სავარაუდოდ, 6 ივლისიდან სასტუმროებში ტრენინგების ჩატარება დასაშვები იქნება – თურნავა

30 ივნისი, 2020 • 974
სავარაუდოდ, 6 ივლისიდან სასტუმროებში ტრენინგების ჩატარება დასაშვები იქნება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, 6 ივლისიდან მთავრობა გარკვეულ ეკონომიკური საქმიანობების განახლების უფლებას გასცემს. საუბარია საგამოფენო სივრცეების გახსნასა და სასტუმროებში ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარებაზე.

როგორც დღეს, 30 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თურნავამ თქვა, სასტუმროების წარმომადგენელთა თხოვნა იყო, რომ ტრენინგების ჩატარება დაეშვათ.

“გარკვეული რაოდენობა ბიზნესსაქმიანობისა, დიდი ალბათობით, უკვე ორშაბათიდან [6 ივლისიდან] დაშვებული იქნება. ეს არის გამოფენები, ანუ საგამოფენო საქმიანობა, სასტუმროებში ტრენინგები და კონფერენციები. იცით, რომ ტრენინგებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ვიმსჯელეთ ამ მოთხოვნაზე, რომელიც მოდის სასტუმროებიდან და მივიჩნიეთ, რომ საკმაოდ სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების დაცვით. პრაქტიკულად, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი, რომელსაც მცირე დაზუსტება დასჭირდება და ორშაბათამდე უკვე გამოქვეყნდება”, – ამბობს თურნავა.

ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები მიმდინარე წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის დაწყების გამო შეიზღუდა და ამ დრომდე არ განახლებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი