ახალი ამბები

ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა აჭარაში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს

30 ივნისი, 2020 • 1525
ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა აჭარაში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს

ბათუმში, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება თუ არა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, გიგი უგულავამ თქვა, რომ შესაძლოა იყოს:

„ის [ ტარიელ ნაკაიძე] ღირსეული ადამიანია, სწორი და კარგი რეპუტაციით, ჯანსაღი ღირებულებებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მხოლოდ გამიხარდება, თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება. უბრალოდ მინდა, თუ ეს თანამშრომლობა შედგება, პირველად მან თქვას ამის შესახებ. დიახ, გვქონდა საუბარი და ჩვენი პოზიციები მთელ რიგ საკითხებში ემთხვევა, განსაკუთრებით, რელიგიური თავისუფლების საკითხებში. თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება, ძალიან სასარგებლო იქნება ეს ადამიანი იმ რეგიონისთვის, რომელსაც წარმოადგენს, ღირსეული წარმომადგენელი იქნება აჭარის მთიანეთის“.

იმ შემთხვევაში, თუ ტარიელ ნაკაიძე დათანხმდება არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, ის კენჭს იყრის ოლქში, რომელიც მოიცავს ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტებს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნაწილს.

ტარიელ ნაკაიძეს ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია თანხმობის შესახებ.

მაჟორიტარული ოლქის საზღვრები ცესკომ უნდა დაადგინოს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით, ერთ ოლქში მინიმუმ 90 ათასი ამომრჩეველი იქნება.

ამ ცვლილებით საქართველოს პარლამენტში ნაცვლად 6 მაჟორიტარი დეპუტატისა, აჭარას ეყოლება 3 დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი