“აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთში დემოკრატიულ ცვლილებებს საკუთარ საფრთხედ აღიქვამს”,- ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა უწყების პრეს-სპიკერმა, ანა ნაგდალიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
“ალიევის ოჯახი ისტორიაში შევა იმით, რომ მან უზრუნველყო კორუფციის გლობალურ ინდექსებში ქვეყნის პირველი ადგილი, “ლანდრომერატით”, საკუთარი მოქალაქეების თავისუფლების ჩახშობით. ასეთ ხელისუფლებას ყველანაირი საფუძველი აქვს, სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებები მიკერძოებულად შეაფასოს.
ალიევების დინასტიამ, რომელიც საკუთარ ლეგიტიმაციას ხალხებს შორის შუღლის წაქეზებით ხედავს და კონფლიქტით სპეკულურებს, უნდა აჩვენოს არა სიძულვილი სომხეთის ხელისუფლებისადმი, რომელიც დემოკრატიული პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა, არამედ, სულ მცირე, აღიაროს, რომ აზერბაიჯანელი ხალხი ასევე იმსახურებს დემოკრატიას”, – აცხადებს ნაგდალიანი.
მისივე თქმით, ხალხთა შორის მშვიდობის დამყარებასა და რეგიონში სტაბილურობის შექმნას ვერ შეძლებს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არჩეული არ არის.
ილჰამ ალიევმა რამდენიმე დღის, წინ ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სომხეთში “დემოკრატიული რევოლუცია – სიცრუეა”.
“რას მოწმობს სომხეთში ბოლოდროინდელი მოვლენები? დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებენ, კონსტიტუციაში უკანონო ცვლილებები შეაქვთ. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთი ადამიანის ხელშია და დიქტატურა ძლიერდება. ყოველივე ეს უკვე ზედაპირზე ამოტივტივდა. სომხეთში მასობრივი სახე მიიღო კორუფციამ, ძარცვამ, ნეპოტიზმმა. თავად პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახი კი კონტრაბანდით არიან დაკავებული”, – განაცხადა ალიევმა თავდაცვის სამინისტროს ახალი სამხედრო ნაწილის გახნის დროს.
ეს არ არის ალიევის მიერ ფაშინიანის დიქტატურაში დადანაშაულების პირველი მცდელობა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ბოლო წლების ანგარიშების მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია.