ახალი ამბები

ვინ ეხმარება საქართველოს ეკონომიკური კრიზისის გეგმის შემუშავებაში

29 ივნისი, 2020 • 851
ვინ ეხმარება საქართველოს ეკონომიკური კრიზისის გეგმის შემუშავებაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის შემუშავებაში “დელოიტ კონსალტინგის” ექსპერტები ეხმარებიან, რომელთა მომსახურეობასაც USAID აფინანსებს. მინისტრის თქმით, გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს 2 სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად.

ამის შესახებ საუბარია ეკონომიკის მინისტრის მიერ პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძისთვის გაგზავნილ წერილში. კობრიძემ სადეპუტატო კითხვით მინისტრს 10 ივლისს მიმართა და დაინტერესედა, რა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა უპასუხოს ქვეყანამ არსებულ ეკონომიკურ გამოწვევას; ასევე, როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა: რომელი დარგები ჩაითვლება პრიორიტეტულად კრიზისიდან გამოყვანისთვის და სხვა. ამაზე თურნავამ უპასუხა, რომ ეკონომიკის განვითარების გეგმაზე COVID 19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში, მთავრობა აქტიურად მუშაობს UNDP-ს მიერ მოწვეულ ექსპერტებთან და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (USAID Economic Governance Program) ფარგლებში, დელოიტ კონსალტინგის ექსპერტებთან.

ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს UNDP-ის მიერ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის – „სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში გაზრდილი განუსაზღვრელობის პერიოდში“ შემუშავებაზე, რომელშიც შევა ძირითადი რეკომენდაციები ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის შესახებ საწარმოო სტრუქტურისა და ეკონომიკის შესაძლებლობების შესახებ. აშშ-ის განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო სრულად ფინანსდება აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ და აღნიშნული სამუშაოს დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ივლისში.

პროექტში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტების გუნდი:

  • ლუის პანიაგა – პროექტის მენეჯერი
  • ვორენ ქოუთსი – მონეტარული ეკონომისტი
  • სტივენ სიმანსკი – ფისკალური ეკონომისტი
  • ჯესიკა მაინო – ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი
  • სტივ ლევარნი – ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი
  • რონ მაკმორანი – ფისკალური ღონისძიებების მრჩეველი

UNDP-ის მოწვეული ექსპერტების მიერ განსახორციელებელი სამუშაო სრულად ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ და აღნიშნული სამუშაოს დასრულება დაგეგმილია 2020 წლის აგვისტოში.

კვლევაში ჩართულები არიან შემდეგი ექსპერტები:

  • ჰა ჯუნ ჩანგი: წამყვანი მკვლევარი. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, განვითარების
    პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი (კემბრიჯის უნივერსიტეტი);
  • ქრისტოფერ ქრამერი: მკვლევარი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ექსპორტის წახალისების დარგში;
  • ჯონატან დი ჯონი: მკვლევარი საგადასახდო, საფინანსო და ენერგეტიკის სექტორში;
  • კირილ ზაჩი: დამხმარე მკვლევარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი