პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უნდა უყარონ კენჭი,  რეგისტრაცია 118-მა დეპუტატმა გაიარა.

პლენარულ სხდომას არ ესწრებიან “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული მოდელით  ჩატარდება.

კერძოდ, დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით:

  • 150 დეპუტატიდან 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, 30 კი – მაჟორიტარული;
  • პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი ბარიერი;
  • რამდენი პარტიაც შედის ბლოკში, იმდენპროცენტიანი ბარიერი უწესდება მას;
  • გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული;
  • ხმების 40%-ის მიღების შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, ანუ 75 ადგილზე მეტს პარლამენტში. შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და საჭირო იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა;
  • იცვლება ოლქების განაწილება;
  • მარტივდება პარტიების რეგისტრაციის წესი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომელიც წარადგენს 5 ათას ხელმოწერას. ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდება კვალიფიციური სუბიექტის მქონე 19 პარტია და ყველა ის პარტია, რომელსაც დამოუკიდებლად ან ბლოკთან ერთად ბოლო არჩევნებზე 15 ათასზე მეტი ხმა აქვს მიღებული;
  • თუ 2024 წლამდე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ეს არჩევნები ჩატარდება 2020 წელს მიღებული სისტემით და რიგგარეშე პარლამენტის უფლებამოსილების ვადა იქნება 2024 წლის ოქტომბრამდე. 2024 წელს კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით.