ახალი ამბები

მისისიპიში დროშიდან კონფედერაციის სიმბოლოს ამოღებას დაუჭირეს მხარი

29 ივნისი, 2020 • 734
მისისიპიში დროშიდან კონფედერაციის სიმბოლოს ამოღებას დაუჭირეს მხარი

აშშ-ის შტატ მისისიპიში, რომელიც 1861-65 წლების სამოქალაქო ომის დროს კონფედერაციაში (მონათმფლობელური შტატების გაერთიანება) შედიოდა, ადგილობრივმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს, რომ შტატის დროშის ნაწილზე განთავსებული კონფედერაციის დროშა ამოიღონ, იუწყება NBC News.

შტატის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ცვლილება ერთი და იმავე დღეს მიიღეს — პალატაში გადაწყვეტილებას 91 მხარდამჭერი და 23 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო სენატში — 37 და 14.

ჯერჯერობით, გადაწყვეტილების მისაღებად ასევე საჭიროა შტატის გუბერნატორის ხელმოწერა.

ასევე, კანონის საბოლოო მიღების შემთხვევაშიც, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ახალ დროშას შექმნის, რომლის ბედიც ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ.


ბოლო დროს, აშშ-ში მიმდინარეობს პროტესტები, რომელთა ფარგლებშიც მონათმფლობელობასთან ან რასობრივ უთანასწორობასთან ასოცირებული მოძრაობების და პირების ძეგლების და სხვა ობიექტების მოხსნას ითხოვენ.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი