ნეტგაზეთი | სისხლი არაფერ შუაშია, ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოებია – კალაძე სისხლი არაფერ შუაშია, ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოებია – კალაძე – Netgazeti

სისხლი არაფერ შუაშია, ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოებია – კალაძე

თბილსის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ანონსში სამი ტელეკომპანიის ლოგოზე გამოსახული ეფექტი სისხლი არ არის და ეს გრაფიკა “ტყუილში ჩაღვრილ ლოგოებს” ნიშნავს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ამიერიდან ფესბუკ-ლაივებში ამ ტელეკომპანიების მიერ მომზადულ სიუჟეტებს განიხილავს, რომლებიც მის კომენტარებს ზოგჯერ “მიჭრი-მოჭრიან” და იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს, მათი მხრიდან არგუმენტები იქნება წარმოდგენილი.

“ეს ჩვენი მხრიდან უხეში სახით არ არის… უბრალოდ, თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე ჩვენი მხრიდან იქნება ფაქტებით, არგუმენტებით დასაბუთებული პასუხები. სისხლი არაფერ შუაში არ არის.. გითხარით, ეს არის ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოები. როდესაც ჩვენ კომენტარებს ვაკეთებთ და თქვენ ცდილობთ ეს კომენტარები არ გაუშვათ, ან მიჭრილ-მოჭრილი გაუშვათ… ამიტომ საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიდეს, კარგი იქნება, ჩვენი მხრიდან ყველა თქვენს მიერ გაჟღერებულ სიუჟეტზე იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული პასუხები, რათა მოსახლეობამ თავად გააკეთოს ანალიზი კონკრეტულ თემებზე”, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახი კალაძე აცხადებს, რომ 25 ივნისიდან ფეისბუკზე იწყებს გადაცემას/ჩართვებს, რითაც „ფეიკნიუსებს“, ანუ ყალბ ახალ ამბებს შეებრძოლება.

„ყველას [ვინც ფეიკნიუსებს ავრცელებს] ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, – თქვა კალაძემ ინიციატივის დაანონსებისას, 24 ივნისს, ფეისბუკზე, პირდაპირ ეთერში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.