ახალი ამბები

მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ბილეთების შეძენისაგან – ავიაციის სააგენტო

25 ივნისი, 2020 • 1773
მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ბილეთების შეძენისაგან – ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 31 ივლისამდე გადაიდო. აქედან გამომდინარე, სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ბილეთები მანამდე არ შეიძინონ, სანამ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღისა და ფრენის განრიგები ოფიციალურად არ გაცხადდება.

“გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით” ,- ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.

მასალების გადაბეჭდვის წესი