ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ბრალი არასწორია, გვარამიას საქმე კი კერძო დავის საგანია – ლომჯარია

25 ივნისი, 2020 • 1516
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ბრალი არასწორია, გვარამიას საქმე კი კერძო დავის საგანია – ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ნიკა გვარიამიას საქმეები შეაფასა.

ლომჯარიამ თქვა, რომ ორივე საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლოს მეგობრის სტატუსით მოსაზრება წარადგინა.

„ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ და ჩვენი მიგნება არის ის, რომ წარდგენილი ბრალი, ვფიქრობთ, არ არის სწორი. საქმეში არ დევს, არ არის შემადგენელი კრიტიერიუმები, რაც შემქნიდა ფულის გათეთრების დანაშაულის [მოცემულობას]“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

რაც შეეხება ნიკა გვარამის საქმეებს, მისი თქმით, აპარატმა შეისწავლა ერთი საქმე, რომელიც ფულის გაფლანგვას ეხება  და მისი მოსაზრებით, სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი საერთოდ არ აქვს.

„ის გარემოებები, რაზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი, არის არა სისხლისამართლებრივი  შესწავლის საგანი, არამედ უნდა იყოს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის და სამოქალაქო დავის საგანი. ეს არის ჩვენი პოზიციები  ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს ნინო ლომჯარია.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2007 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, პროკურატურა მას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობის ყოფნისას არხის ქონების გაფლანგვას ედავება. ამავე საქმეზე კიდევ ორ პირს წაუყენეს ბრალი — რ2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი