ახალი ამბები

კერძო ბაღები ზაფხულში მუშაობის უფლებას ითხოვენ – რა პასუხი აქვს სახელმწიფოს

24 ივნისი, 2020 • 2001
კერძო ბაღები ზაფხულში მუშაობის უფლებას ითხოვენ – რა პასუხი აქვს სახელმწიფოს

60-მდე კერძო ბაღი ითხოვს, რომ ზაფხულის განმავლობაში მუშაობის უფლება ჰქონდეთ. კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღებში ბავშვები აღარ დადიან, შესაბამისად, ისინი დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ.

რას ითხოვენ ბაღები?

დღეს, 24 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროსთან 20-მდე კერძო ბაღის წარმომადგენელი მივიდა. ისინი სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ბაღები ამბობენ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მათი მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა სახელმწიფოს მათთვის დღემდე პასუხი არ აქვს.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ აღდგეს კერძო ბაღების ფუნქციონირება და შემუშავდეს რეკომენდაციები სწორი მუშაობისთვის, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად შევასრულებთ ისე, რომ ბავშვის უფსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

დღესდღეობით საფრთხეს აღარ წარმოვადგენთ. ზოგადად, საზაფხულო ბაღს თავისი სპეციფიკა აქვს. ამ დროს, როგორც წესი, ბაღში უფრო ნაკლები – 10 ან 15 ბავშვი დადის. უფრო მარტივად სამართავია პროცესი და უფრო მარტივად შეგვიძლია ბავშვებს ყურადღება მივაქციოთ“, – ამბობს ანა რობაქიძე, საბავშვო ბაღ „ეკოს“ დამფუძნებელი, და ამატებს, რომ ბაღების არარსებობა ასევე დიდ პრობლემას უქმნის მშობლებსაც.

ის ნეტგაზეთს უყვება, რომ ბაღები პანდემიის გამო უამრავი პრობლემის წინაშე დადგნენ, მათ შორის, მეიჯარეებთან ან/და ბანკებთან კომუნიკაციისას, ხელფასების ანაზღაურების თვალსაზრისით და სხვა.

„ვფიქრობთ, რომ სექტემბერში შესაძლოა დახურვის საშიშროების წინაშე დავდგეთ, ვინაიდან რა ნაკადიც უნდა მოსულიყო… უკვე ჩანს, რომ მშობლები რეგისტრაციისას თავს იკავებენ, მათ არ იციან, შემოდგომაზე რა იქნება“, – ამბობს რობაქიძე.

კერძო ბაღების დიდი ნაწილი რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, ანუ შპს-ებად არიან დარეგისტრირებული. ჩვენს კითხვაზე, მიუხედავად ნებართვის არქონისა, აპირებენ თუ არა თვითნებურად მუშაობის გაგრძელებას, ანა რობაქიძე გვპასუხობს, რომ ჯერჯერობით ზუსტი პასუხი ბაღებს არ აქვთ.

„უბრალოდ ვითხოვთ, რომ ადამიანებად ჩაგვთვალონ“, – ამატებს ის.

მიუხედავად დღევანდელი აქციისა, ჯანდაცვის სამინისტროდან ბაღების წარმომადგენლებს მაინც არავინ შეხვედრია. თუმცა მთავრობის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და ორშაბათს, 29 ივნისს, მათ წარმომადგენელთან შეხვედრა დანიშნეს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, დღეს ჟურნალისტებთან  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ისაუბრა.

მან თქვა, რომ ბაღების ფუნქციონირების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ამ თემას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შექმნილი საკოორდინაციო საბჭოც განიხილავს. სწორედ ამ საბჭომ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციათა ნუსხა, რომელიც შემდგომ ბაღებს დაურიგდებათ.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო ბაღები მუშაობის განახლებას ითხოვენ. რამდენიმე დღის წინ მათ სპეციალური პეტიციაც შექმნეს, რომელსაც ამ დროისთვის 1400 ადამიანზე მეტი აწერს ხელს.

„ქვეყნაში იხსნება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და ყველა სექტორი, მათ შორის ხალხმრავალიდაწესებულებებიც აახლებენ მუშაობას. ამ ფონზე ისევ დახურული რჩება სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის, სამწუხაროდ, ამ სექტორზე არავინ საუბრობს. მეტიც, შეკითხვების მიუხედავად, პასუხებს არავინ იძლევა, არის სრული იგნორირება, რაც ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ყველასთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვანება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები  და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად“ ,- ნათქვამია პეტიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი